გიორგი გახარია - ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა, დღეს ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა
გიორგი გახარია - ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ზრდა, დღეს ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა

ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული  მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რათა საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად.

„სამწუხაროდ, ყველა ვხედავთ, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით ევროპაში, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება. ჩვენ ქვეყანაშიც, ინფიცირებულების რაოდენობა ყოველდღიურად გვეზრდება, თუმცა ერთ მლნ მოსახლეზე, სხვებთან შედარებით, ევროპის ფარგლებში, ასე თუ ისე, ნორმალურად გამოვიყურებით, თუმცა ეს არ არის დამშვიდების საფუძველი. დღეს, ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი გამოჯანმრთელებული  მოქალაქეების რაოდენობის ზრდა. დღეს, ამ ციფრმა 2 000-ს გადააჭარბა. მე, კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პროცესი სრულად მართვადია, ეფექტურად მუშაობს კლინიკური მართვის ახალი მოდელი და ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობის ინფიცირებულების პირობებში, მართონ ეს პროცესი შეუფერხებლად“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგია გრძელდება. მისივე თქმით, პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს.

„ჩვენ ვაგრძელებთ წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას, მაგრამ ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ პირბადეების ტარება და დისტანცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, უნდა ვატაროთ პირბადე უკვე ყველგან, როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში. პირდაპირი კავშირია პირბადის ეფექტურ ტარებასა და წერტილოვანი შეზღუდვების საჭიროებასთან –  რაც უფრო მეტი მოქალაქე ატარებს პირბადეს, მით უფრო ნაკლები აუცილებლობა იქნება წერტილოვანი შეზღუდვების. ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.