გიორგი გახარია - ფარული ჩანაწერების გავრცელების პირველწყაროს, შენახვასა და შემდეგ გავრცელებას შორის სხვაობას ვერ დავუშვებთ
გიორგი გახარია - ფარული ჩანაწერების გავრცელების პირველწყაროს, შენახვასა და შემდეგ გავრცელებას შორის სხვაობას ვერ დავუშვებთ

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი დევნა დაწყებულია 18 ადამიანზე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიება აქტიურ ფაზაშია შესული. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საგამოძიებო ორგანოებს კომუნიკაცია აქვს დაზარალებულ მხარესთან და ძირითადი მიზანი არის პირველწყაროს დადგენა.

„ჩვენ დაზარალებულ მხარესთანაც გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ პირველწყაროს დადგენა. ერთხელ უკვე ვთქვით და კიდევ გავიმეორებთ, თუ ამ მიმართულებით დაგვჭირდება საერთაშორისო პარტნიორების დახმარების თხოვნა, ამასაც გავაკეთებთ. როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში ამას გავაკეთებთ.

მარტივია საუბარი მსგავს დანაშაულზე სხვადასხვა სპეკულირების ტონალობით, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, ვერ დავუშვებთ სხვაობას გავრცელების პირველწყაროს, შენახვას ან გავრცელებას შორის, ეს იქნება შეუძლებელი მსგავს დანაშაულთან ეფექტური ბრძოლისთვის, ამიტომ მივიჩნევთ, რომ რასაც გამოძიება აკეთებს, უნდა გაგრძელდეს. ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი ჩანაწერების გავრცელება და ფლობა არა მხოლოდ ამორალური, არამედ სისხლის სამართლის დანაშაულია და შსს ყოველთვის იქნება იძულებული, მსგავსი სახის დანაშაულზე ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.