საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მართლმსაჯულების სფეროში ევროკომისარ დიდიე რეინდერსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მართლმსაჯულების და ადამიანის უფლებების სფეროში მიღწეულ წარმატებებზე. პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას. აღინიშნა ის პროგრესი, რომელსაც საქართველო მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, მათ შორის პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმების კუთხით.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვან საკითხებსა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სამ ძირითადი პრიორიტეტი დაისახა – დემოკრატიული განვითარება და ინსტიტუციური გაძლიერება, შავი ზღვის ფართო რეგიონში საქართველოს სტრატეგიული როლის განმტკიცება და სატრანსპორტო და საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესება.
ქართული მხარის შეფასებით, საქართველოს, როგორც შავი ზღვის ფართო რეგიონის ნაწილს, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ევროპის ალტერნატიული სატრანსპორტო და ტელეკომუნიკაციების ცენტრის და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის სტატუსით.
ამასთან, საქართველოს მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან საქართველოს ფიზიკურად დაკავშირების მნიშვნელობას და ამ მიზნის მისაღწევად პრაქტიკული ინსტრუმენტების მოძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას.