გიორგი გახარია - ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით ამ გამოწვევასაც დავძლევთ
გიორგი გახარია - ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით ამ გამოწვევასაც დავძლევთ

ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომითა და პროფესიონალიზმით ამ გამოწვევასაც დავძლევთ, – აღნიშნულია „ფეისბუქში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაში, რომლითაც ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს ეხმაურება.

პრემიერი ყველას მოუწოდებს, დარჩნენ სახლში და გაუფრთხილდნენ ახლობლებს.

„დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა.

დღეს მთელი მსოფლიო გლობალური პანდემიის წინაშეა და განურჩევლად იმისა, თუ რამდენად ძლიერია ეკონომიკურად ესა თუ ის სახელმწიფო, ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად ყველას რთული ბრძოლა გვიხდება. დღეს ამ პრობლემის წინაშე ყველა ქვეყანა თუ ადამიანი თანასწორია.

რა თქმა უნდა, ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

დარჩით სახლში!“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას განცხადებაში.

დატოვე კომენტარი