გიორგი გახარია - ეპიდემიასთან და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, ბალანსში პოლიტიკური პროცესი დამატებით კომპონენტად ჩაერთო
გიორგი გახარია - ეპიდემიასთან და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, ბალანსში პოლიტიკური პროცესი დამატებით კომპონენტად ჩაერთო

სექტემბერში ეპიდემიასთან და ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, ბალანსში პოლიტიკური პროცესი დამატებით კომპონენტად ჩაერთო, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრისას, პრემიერმა აღნიშნა, რომ პროცესებში პოლიტიკური კომპონენტის დამატების პირობებში, ხელისუფლებას გარკვეულ კომპრომისებზე მოუწია წასვლა.

მისივე თქმით, ეს კომპრომისები განსაზღვრული იყო ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებით.

„სექტემბრისთვის ჩვენი ბალანსის დამატებითი კიდევ ერთი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად, მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო, რაც არის პოლიტიკური პროცესი. ამ ბალანსში პოლიტიკური პროცესის დამატებით მდგენელად ჩართვის პირობებში, ჩვენ გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისები განსაზღვრული იყო ქვეყანაში იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ, მეორე ტურამდე და შემდეგ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დააფიქსირეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქსა და  ქუჩაში.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენი, საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ექიმების, ყველას ამოცანა არის, რომ ევროპის ქვეყნებთან შედარებით,საქართველო უნდა დავუბრუნოთ  ისეთ მაჩვენებელებს, როგორიც გვქონდა აგვისტოში. ყველას მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში, საქართველო იყო ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა. ყველაფერთან ერთად, ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივის შენარჩუნებისთვის, რაც ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.