გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას პასუხობს - ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე ვერასდროს შევთანხმდებით
გიორგი გახარია ელენე ხოშტარიას პასუხობს - ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობაზე ვერასდროს შევთანხმდებით

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება-არ მინიჭება სამართლებრივი პროცესია.

გახარიამ ოპოზიციონერი დეპუტატის ელენე ხოშტარიას განცხადებას უპასუხა, რომელმაც მაკო გომურზე საუბრისას დაზარალებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი ნაწილი საერთოდ არ ცნეს დაზარალებულად.

„სამართლებრივი პროცესია, სხვა ყველაფერი არის მორალი. არ მინდა მორალში შესვლა, სხვა რამეზე ვსაუბრობთ. სამართლებრივი პროცესია დაზარალებულის სტატუსის მინიჭება ან არ მინიჭება. მე ვთვლი, რომ იქ სრულად არის შესაბამისი სახელმწიფო სისტემების მუშაობის პრეროგატივა და ამ ნაწილში, ახლა ჩემი სუბიექტური შეფასება, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, აქ არ შევალ.

სხვა ყველაფერი არის მორალური კომპინენტი, რომელსაც მე არ შევაფასებ, რამდენჯერმე მაქვს შეფასებული. არც იმას ვიტყვი პასუხისმგებლობები, ვალდებულებები დაზარალებული ადამიანების მიმართ სახელმწიფოს, მეც პირადად, ორივე მხრიდან რამხელაა, ან ამ მორალურ ვალდებულებებს ჩვენ რას ვუშვებით. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ბევრი ითქვა უკვე. რა თქმა უნდა, ეს არ არის გავლილი თემა, ეს იქნება მუდმივი შემადგენელი ნაწილი ჩვენი ამ წარსულის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამას სულ უფრო და უფრო მოეფინება მეტი ნათელი“,- განაცხადა გახარიამ.

რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის შეთანხმებას, გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს და არჩევნებში, სამართლიან ბრძოლაში შეჯიბრებას, რაზეც ასევე ისაუბრა ელენე ხოშტარიამ, გახარიას თქმით, ეთანხმება, რომ გაურკვეველი, პირველ რიგში ქვეყნისთვის არაფრისმომტანი, უაზრო და უშინაარსო მომენტები გვერდზე უნდა გადადონ.

„მაგრამ საბოლოოდ ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ, ყველაფერს ხომ აქვს თავისი რაღაც, რა არის პირველი რიგის პრიორიტეტი, რა არის მეორე რიგის პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, დღეს ქვეყნისთვის პირველი რიგის პროორიტეტი არის ჯანსაღი, სამართლიანი და უკიდურესად გამჭვირვალე არჩევნები, სამართლიანი კონკურენცია. რა არის ამისთვის საჭირო, ამისთვის საჭიროა ის საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მისაღებია. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ყველამ ერთად, უნდა მივიღოთ ეს საკანონმდებლო ცვლილებები.

მე და თქვენ, ქალბატონო ელენე, ვერასოდეს ვერ შევთანხმდებით ქვეყანაში პოლიტპატიმრები არსებობენ თუ არა, ვერ შევთანხმდებით. სამწუხაროდ, ეს არის ასეთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელსაც არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სულ მალე ეს ყველაფერი გამოჩნდება და დალაგდება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან არანაირი შეგრძნებაც არ მაქვს იმის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და გუნდი უკან დაიხევს იმ ვალდებულებებისგან, რომელიც მას აღებული აქვს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.