გიორგი გახარია - რუსეთი სულ უფრო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს საგარეო უწყების ძირითადი მიმართულება, არაღიარების პოლიტიკა დაზიანდეს, თუმცა ჯერ ამას წარმატებით ვერ ახერხებენ
გიორგი გახარია - რუსეთი სულ უფრო აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს საგარეო უწყების ძირითადი მიმართულება, არაღიარების პოლიტიკა დაზიანდეს, თუმცა ჯერ ამას წარმატებით ვერ ახერხებენ

ეფექტიანი არაღიარების პოლიტიკა რა თქმა უნდა, მთავრობის და პირველ რიგში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნომერ პირველი პრიორიტეტია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა არაღიარების პოლიტიკა ეფექტური იყოს.

„ჩვენ ამბასადორიალზე გვქონდა შესაძლებლობა ელჩებთან საუბრის და დიპლომატიურ კორპუსს აბსოლუტურად გულწრფელად მადლობა ვუთხარი საკმაოდ ეფექტური მუშაობისთვის ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ახლა ჩვენ აქ ყველაფერს ვერ მოვყვებით, მაგრამ დიპლომატიის აქტიური მუშაობა- ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან უაღრესად აქტიური მუშაობაა იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა იყოს ეფექტური, თუმცა რისკები არსებობს.

მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია სულ უფრო და უფრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ რესურსებს საერთოდ არავინ არ იშურებს იქ. საკმაოდ სერიოზული რესურსები იხარჯება იმისთვის, რომ არაღიარების პოლიტიკა, რომელიც არის საქართველოს საგარეო სამინისტროს ძირითადი მიმართულება, იყოს დაზიანებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებული. თუმცა, ჯერჯერობით ამას წარმატებით ვერ ახერხებენ. რისკები არსებობს, თუმცა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ მჭიდროდ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და ვფიქრობ, მიუხედავად რისკებისა, შევძლებთ ამ ამოცანის გადაწყვეტას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.