გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა იყო, მოკლული გმირი ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის, ახლა მთავარი გამოძიებაა
გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა იყო, მოკლული გმირი ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის, ახლა მთავარი გამოძიებაა

ძირითადი ამოცანა იყო, მოკლული გმირი, მოკლული მოქალაქე ღირსეულად მიგვებარებინა მიწისთვის, ახლა უკვე ჩვენი ძირითადი ამოცანა გამოძიებაა, – ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ წილკანში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია ექსპერტიზის მონაცემები, რომლის შემდგომაც გამოძიება უკვე აქტიურ ფაზაში გადავა.

„დღეს ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის მონაცემებს, რომელიც სამხარაულის ბიურომ უნდა გადმოგვცეს. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, მთავრობაც, თითოეული ჩვენი მოქალაქე ყველაფერს გააკეთებს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ოჯახს გვერდით დაუდგეს.

„მთავარია, ჩვენ ამ ოჯახს მომავალშიც გვერდში დავუდგეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ, მთავრობაც, თითოეული ჩვენი მოქალაქეც ყველაფერს გააკეთებს ამისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა  სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, 20 მარტს გადმოასვენეს. ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტიზას წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელიც დაესწრო. „ემპათიას“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს.

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 24 მარტს დაკრძალავენ.