გიორგი გახარია - ძალიან სამწუხაროა, რომ შსს დოზირებაზე გვაწვდის ინფორმაციას, ეს მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე
გიორგი გახარია - ძალიან სამწუხაროა, რომ შსს დოზირებაზე გვაწვდის ინფორმაციას, ეს მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე

ძალიან სამწუხაროა, რომ შსს დოზირებაზე გვაწვდის ინფორმაციას, ეს მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „ტვ პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი და ძალიან კარგად მესმის, რომ საგამოძიებო ორგანოებს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, გამოძიება დასრულდეს. დოზირებაზე უწყება გვაწვდის ინფორმაციას, ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ჩემთვის ერთ რაღაცას ნიშნავს. შსს-ს ბევრი ღირსეული თანამშრომელი ხვდება და იაზრებს, რომ ნდობა ინსტიტუტის სიტყვისადმი იმდენად ნაკლებია, რომ ისინი იძულებული არიან, კიდევ უფრო არ დამძიმდეს ეს ყველაფერი, ასე ნაწილ-ნაწილ მოგვაწოდონ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ნათქვამ სიტყვას იმდენად ნდობა და ფასი აღარ აქვს, იძულებულები არიან, მათ შორის, კანონი დაარღვიონ და საზოგადოებას ასე ნაწილ-ნაწილ შესთავაზონ, ეს სამწუხაროა. ეს პირდაპირ მიუთითებს ინსტიტუტების სისუსტეზე და იმას, რომ ისინი ძირითად ფუნქციებს ვერ ასრულებენ“, – აცხადებს გიორგი გახარია.