გიორგი გახარია - კარგად მახსოვს, რომ სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა, დაგრჩათ სულ რაღაც რამდენიმე წუთი, ხალხი შემოიჭრებაო, ასევე მემუქრება ქალბატონი სალომე დღეს
გიორგი გახარია - კარგად მახსოვს, რომ სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა, დაგრჩათ სულ რაღაც რამდენიმე წუთი, ხალხი შემოიჭრებაო, ასევე მემუქრება ქალბატონი სალომე დღეს

კარგად მახსოვს, რომ სალომე სამადაშვილი მემუქრებოდა, დაგრჩათ სულ რაღაც რამდენიმე წუთი, ხალხი შემოიჭრებაო, ასევე მემუქრება ქალბატონი სალომე დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო, რთულია, დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით მსგავსი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკური პასუხისმგებლიანი პოზიციით, მე ძალიან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით, რომ დაგრჩათ სულ რაღაც რამდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება, თქვენი დასასრული დაიწყება, ზუსტად ასევე ქალბატონი სალომე მემუქრება დღეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

სალომე სამადაშვილმა იკითხა, აქვს თუ არა მაკო გომურს უფლება, დაესწროს სხდომას პარლამენტში.

„მე გთხოვეთ, რომ თქვენ დაგეწყოთ პასუხი კითხვაზე – მაკო გომური, რომელიც ქვემოთ დგას, აქვს თუ არა უფლება, იყოს ამ შენობაში და ახლა საუბარი 20 ივნისზე არ გვჭირდება, დავიწყოთ აქედან, ქვემოთ დგანან მოქალაქეები, მათ შორის მაკო გომური, რომლის სახელზეც არის დაშვებული საშვი, რომ კანონიერად როგორც მას ეს ეკუთვნის შემოვიდეს პარლამენტში და დაესწროს სხდომას. ამაზე გამეცით პასუხი, აქვს თუ არა მას უფლება, იმყოფებოდეს პარლამენტში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

გიორგი გახარიას თქმით, რაც პარლამენტში ხდება, „ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე“.

„რაც შეეხება შემდგომ ყველაფერ იმას, რაც აქ ითქვა, ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ისიც რაც ახლა აქ ხდება, ეს არის ჩვეულებრივი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება და ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებთ დღესაც. მე ერთი რამე მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში“, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, რაც ხდება, არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე.

„აი, რაც ახლა აქ მოხდა, ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ ყოველდღე სიმართლის საშუალებით, ეს ხალხი ვამხილოთ, ყოველდღე სხვა გზა ჩვენ არა გვაქვს, მაშინ როდესაც ძალიან კარგად გვახსოვს 20 ივნისის ღამე. აი, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები ამ დარბაზში და პირდაპირ ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდნენ ეს ხალხი აქ. ეს ერთი და მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ისხდნენ საათებით და ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს უნდოდათ გამოეყენებინათ მათი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად. ამის საშუალება უბრალოდ არ უნდა მივცეთ კოლეგებო, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.