გიორგი გახარია დიმიტრი რაზუმკოვს შეხვდა
გიორგი გახარია დიმიტრი რაზუმკოვს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უკრაინის რადა-ს თავმჯდომარეს, დიმიტრი რაზუმკოვს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე გაკეთდა მისასალმებელი განცხადებები.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, უკრაინასა და საქართველოს აერთიანებს როგორც წარსული, ასევე აკავშირებს მსგავსი გამოწვევები, როგორიც არის, მაგალითად, ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე უკრაინის მიწაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, რათა კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგათ ჩვენს ორ მოძმე ხალხს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის განვითარებისა და წინსვლისკენ. ჩვენ გვაერთიანებს როგორც წარსული, ასევე გვაკავშირებს მსგავსი გამოწვევები, რომლის წინაშეც ჩვენი მოქალაქეები და სახელმწიფოები დგანან – ეს არის ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა. დარწმუნებული ვარ, ამ მიმართულებით ერთობლივად შევძლებთ ძალზე ეფექტური და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმას. მოხარული ვარ, რომ დღეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ხელს მოვაწერთ ხელშეკრულებას საქართველოსა და უკრაინას შორის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ. ეს სწორედ ის ფორმატი და სტრატეგიული ურთიერთობის ის დონეა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებსა და მოქალაქეებს უნდა აერთიანებდეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

უკრაინის რადა-ს თავმჯდომარის დიმიტრი რაზუმკოვის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს ძალიან ბევრი აერთიანებს, აქვთ საერთო მისწრაფებები და მსგავსი გამოწვევები, ეს არის ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის.

„ჩვენმა ურთიერთობამ და ქვეყნების ისტორიამ დაამტკიცა, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდებით. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ, განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები, როგორც პარლამენტის, ასევე სხვა დონეზე“, – განაცხადა რაზუმკოვმა.