გიორგი გახარია - ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირის გირაოთი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაა, შსს მის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა
გიორგი გახარია - ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირის გირაოთი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაა, შსს მის კომპეტენციაში ვერ ჩაერევა

იმერეთში ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებული ორი პირის გირაოთი გათავისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაა და შსს ამ კომპეტენციაში ვერაფრით ვერ ჩაერევა, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, შსს-მ ძალზე სწრაფად და ეფექტურად იმოქმედა.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოგეხსენებათ, რომ შსს-მ იმოქმედა ძალზე სწრაფად და ეფექტურად. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შევასრულეთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც გვაქვს როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე მედიათავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლების წინაშე. რა თქმა უნდა, ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაა და შსს ამ კომპეტენციაში ვერაფრით ვერ ჩაერევა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ფაქტზე ორი პირი 23 მაისს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებმა წყალტუბოს სოფელ ზედა მესხეთში, იმ დროს, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდნენ, მათზე განახორციელეს ჯგუფური თავდასხმა და ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში.