გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ კვირაში დადებითი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს
გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ უახლოეს ერთ კვირაში დადებითი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა უფრო ადრე დაიწყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ, როგორ უნდა მოხერხდეს, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დაიწყონ ეკონომიკის გახსნა.

მისივე თქმით, დღეს არსებული ტენდენციები ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას იძლევა.

„მთავრობის ფორმატში უნდა განვიხილოთ ის საკითხი, რომელიც აღელვებს თითოეულ ჩვენგანს და ჩვენს მოქალაქეებსაც, როგორ უნდა მოვახერხოთ, რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ უსაფრთხოდ და გონივრულად ეტაპობრივად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა. რამდენჯერმე ვთქვით, მაშინ, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დავაწესეთ, ეს იყო დეკემბრის ბოლო, ამას ჰქონდა კონკრეტული მიზანი. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი იყო უაღრესად მაღალი, ზოგ ქალაქებში 30 პროცენტს გადააჭარბა. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ აღებული 18 000 ტესტიდან, დადებითი არის მხოლოდ 723, რაც ჩვენთვის მაინც დიდი ციფრია, თუმცა ეს უკვე მიუახლოვდა 4 პროცენტს. აქ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ როდესაც შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი გვექნება 4 პროცენტი, ჩვენ უფრო თამამად, ფრთხილად, მაგრამ გონივრულად შეგვეძლება ეკონომიკის გახსნა. და, როგორც ჩანს, დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზის საშუალებას. ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე, თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში, ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება, პირველ რიგში, თბილისს, ქუთაისს და რუსთავს. პირველ რიგში, ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომ მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, კლასებში დაიწყონ სწავლა. რა თქმა უნდა, ამას თან ერთვის მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებაც. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ ეტაპობრივად ისე, რომ რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ეპიდემიის მართვის ის მიღწევა, რომელიც როგორც ფაქტი დღეს ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის ერთობლივი მუშაობის შედეგად.

რაც მთავარია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს მიღწევა სტაბილურად შევინარჩუნოთ, ვიდრე უფრო აქტიურად არ დავიწყებთ ტურიზმის გახსნას. მოგეხსენებათ, მაია ცქიტიშვილის, ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური გუნდი რამდენიმე დღეა, ხვდება სხვვადასხვა სექტორის, ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ შეხვედრების მთავარი მიზანია, რომ ეკონომიკის გახსნა იყოს მდგრადი, გონივრული და რაც მთავარია, დაცული. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ყოველდღიურად 2 000, 3 000, 4 000, 5 000 ინფიცირების შემთხვევაში, არანაირ ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საუბარი არ და ვერ იქნება. ამიტომ ჩვენ ყველამ ერთად უფრო პასუხისმგებლიანად, გონივრულად და ფრთხილად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თუმცა დღეს გვაქვს შესაძლებლობა, დავიწყოთ მსჯელობა“, – აღნიშნა გახარიამ.

დატოვე კომენტარი