გიორგი გახარია - დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა შეგვიძლია, სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლებში გავაორმაგოთ
გიორგი გახარია - დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა შეგვიძლია, სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლებში გავაორმაგოთ

დღეს თურქეთი საქართველოს ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია, თუმცა შეგვიძლია, სავაჭრო ბრუნვა უახლოესი წლების განმავლობაში გავაორმაგოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ შესაბამის დავალებას მინისტრთა კაბინეტის წევრები მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ.

გიორგი გახარიამ საუბრისას ხაზი გაუსვა თურქეთთან განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და თურქ ხალხს და მათ ლიდერს რესპუბლიკის დღე მიულოცა.

„დღევანდელი შეხვედრისას ჩვენ მრავალი საკითხი განვიხილეთ, უსაფრთხოების სფერო, კულტურული ნაწილი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა და ვაჭრობის სფერო. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროში. როგორც თქვენ ბრძანეთ, რომ საქართველო არის ენერგეტიკული, კულტურული ხიდი თურქეთისთვის მის მოძმე ქვეყნებთან, ასევე საქართველოსთვის თურქეთი არის ხიდი ევროპის მიმართულებით და ამ კონტექსტში ჩვენი ენერგოკორიდორების ფარგლებში თანამშრომლობაც არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თურქეთის როლს როგორც შავი ზღვის, ისე უფრო ფართოდ რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში. დიდი მადლობა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ აზრს, რომ რეგიონში ყველა კონფლიქტი მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს რეგიონის სტაბილური განვითარებისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, პრეზიდენტ ერდოღანთან დღევანდელი საქმიანი დისკუსია კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია იმ სტრატეგიული ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და არის საფუძველი სტრატეგიული საბჭოს უახლოეს პერიოდში განახლებისთვის.

გიორგი გახარიამ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს თბილი და საქმიანი შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და ის საქართველოში მიიწვია.