გიორგი გახარია – დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული, ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობა, რითაც ხელისუფლებაში მყოფი პირები სარგებლობენ

14:33, 27.06.2026

დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

გახარია პარლამენტში გუშინ მომხდარ ძალადობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ ძალადობას ხელს უწყობს დაუსჯელობა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ.

„ჩვენ პარლამენტში შევედით, რათა მოქალაქეები, მათ შორის, ისინი, ვინც „ქართულ ოცნებას“ მისცა ხმა, მარტო არ დაგვეტოვებინა საკუთარ საჭიროებებსა და პრობლემებთან, გამოგვეყენებინა პარლამენტის ყველა ინსტრუმენტი მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად და გვეზრუნა, რომ პარლამენტში განსხვავებული ხმები ყოფილიყო წარმოდგენილი. ამ მისიის ერთგულება არასდროს შეგვიწყვეტია.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ ოპოზიციას კოორდინირებული ფიზიკური ძალადობით უპასუხა. ჩვენს კოლეგას, გიგა ფარულავას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. დღეს საქართველოში ოპოზიციაში ყოფნა ფიზიკური უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული. ამ ძალადობას ხელს უწყობს ის დაუსჯელობა, რომლითაც ხელისუფლების უმაღლეს დონეზე მყოფი პირები სარგებლობენ“, – წერს გახარია.

საქართველოს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება გუშინ იმ დროს დაიწყო, როდესაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ სიტყვით გამოდიოდა. შარაშიძემ კობახიძის მისამართით განაცხადა, რომ „ქართული ოცნებაც“ კი არ იმსახურებს დღევანდელ პრემიერ-მინისტრს და დარწმუნებულია, რომ მის ამ მოსაზრებას თავად „ქართული ოცნების“ წევრებიც ეთანხმებიან“. შარაშიძის სიტყვით გამოსვლისას, სხდომათა დარბაზში ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძესა და „გახარია საქართველოსთვის“ წევრ გიგა ფარულავას შორის, რაც სხვა დეპუტატებს შორის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მსგავსი