გიორგი გახარია - ცოდნა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ
გიორგი გახარია - ცოდნა, რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ

მსგავსი წვრთნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნაზე განაცხადა.

„დღეს ბედნიერებაა, ვიყო აქ, ამ წვრთნების საზეიმო გახსნაზე, რამეთუ „ღირსეული პარტნიორი 2020“ არის ამ წვრთნების ციკლის მნიშვნელოვანი გაგრძელება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ძალების მზაობისა და ჩვენს პარტნიორებთან მათი თავსებადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თანადგომის და ჩვენი საერთო მისწრაფებების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. როდესაც მე აქ ვხედავ 2800-მდე ჯარისკაცს, სამხედრო მოსამსახურეს და წარმომიდგენია, როგორი ეფექტური და ღირსეული იქნება მათი ერთობლივი წვრთნები, რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებს, პირველ რიგში, აშშ-ს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, პოლონეთს. რამეთუ, ყველას კარგად გვესმის, რომ ის ცოდნა, რომელსაც აქ ჩვენი ჯარისკაცები მიიღებენ, გლობალური მშვიდობის დასამყარებლად უნდა გამოვიყენოთ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, წვრთნა არის ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რათა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია საბოლოო ჯამში გახდეს მიღწევადი.

„ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, მათი კეთილდღეობა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი წვრთნები არის საქართველოს თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. გარდა ამისა, ყველას მოგეხსენებათ, რომ საქართველოს სამხედრო ძალები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სამშვიდობო მისიაში, როგორც ევროკავშირის ეგიდით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ეგიდით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ეგიდით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ მსგავსი წვრთნები შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ჯარისკაცებს, ღირსეულად დაიცვან მუნდირი, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში სულ უფრო და უფრო უნდა გაძლიერდეს და საბოლოო ჯამში, მსგავსი წვრთნებით, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, თავსებადობის გაზრდით უნდა მივაღწიოთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დიდ მადლობას გიხდით და მადლობას გიხდით პირველ რიგში ღირსეული მსახურებისთვის. მადლობას ვუხდი ჩვენს სტუმრებს, ჩვენს პარტნიორებს, რამეთუ ყველას კარგად უნდა გვესმოსდეს, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენი ხვალინდელი დღე და ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია. საბოლოო ჯამში, მინდა, გითხრათ, რომ ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისა და თითოეული ჯარისკაცის ვალდებულება. კიდევ ერთხელ, მადლობა ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.