გიორგი გახარია - ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი
ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე.
გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა უმრავლესობის დეპუტატებს კონსტრუქციული დიალოგისთვის.
„მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საშუალებისთვის, რომ მოგმართოთ თქვენ ამ სტატუსით დღეს. ეს არის უდიდესი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ კონსტრუქციული დისკუსიისთვის, რომელიც ვიცი, რომ გაიმართა ჩემს კოლეგა მინისტრებთან და იმ შინაარსობრივი საუბრებისთვის, რომელმაც უკვე კონკრეტული შედეგები მოიტანა და გარწმუნებთ, რომ ეს ყველაფერი იქნება ასახული პროგრამაშიც და ჩვენს ხვალინდელ შეხვედრაშიც.
დღეს მინდა, ერთმნიშვნელოვნად, მოკლედ გითხრათ, იქედან გამომდინარე, რომ ვიცი, დღევანდელი ჩვენი დისკუსიის ნაწილიც ასევე აისახება ჩვენს ხვალინდელ პარლამენტის მიმართ მიმართვაში, რომ ჩვენ ვთვლით, უკეთესია, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვილაპარაკოთ კონკრეტულ ქმედებებზე.
საერთოდ, მინდა ასევე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მთლიანად ჩვენი პროგრამის ძირითადი პრინციპი იქნება მოქმედება, საქმე, ეფექტურობა და შედეგი. ჩვენ, კოლეგებო, ერთად, ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შედეგიანი, წარმატებული ინიციატივა გვქონდა. ძალიან ბევრი კარგი, ახალი პროგრამა გვქონდა, თუმცა ყველა ერთად ვთანხმდებით, რომ ეს წელი აუცილებლად უნდა იყოს კონკრეტული ქმედებების, ეფექტობის და შედეგიანობის წელი.
ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქე ჩვენს საქმიანობას აფასებს კონკრეტული შედეგით და ჩვენ გვინდა, რომ ინიციატივების ნაცვლად უფრო ბევრი ვილაპარაკოთ კონკრეტულ საქმეებზე. ეს მიდგომა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი მხრიდანაც იქნება მხარდაჭერილი და ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ, შემოგთავაზოთ, რაც შეიძლება მალე გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და კონცეპტუალური, შინაარსობრივი საუბარი მოხსენების სახით განვაგრძოთ ხვალ, პლენარული სხდომის ფარგლებში. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები თქვენს შეკითხვებს“, – მიმართა გიორგი გახარიამ დეპუტატებს სხდომაზე, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს.