გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი
გიორგი გახარია - ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი

შს მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და საზღვრის დაცვის მიმართულებით. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტში, დეპუტატების წინაშე საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შს მინისტრის თქმით, შსს-ს პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი.

„ვეცდები, მაქსიმალურად მოკლედ და კონცენტრირებულად წარმოგიდგინოთ ის ხედვა და რეფორმების გეგმა, რომელიც გააჩნია დღეს შსს-ს.

ჩვენი მიზანი გახლავთ ქვეყანაში მართლწესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გარანტიების შექმნა. შესაბამისად, ამავდროულად, ამ მიზანს თან უნდა ახლდეს ნდობის აღდგენა მოქალაქესა და სამართალდამცავ ორგანოს შორის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩვენი პოლიტიკა იქნება მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და იმედი გვაქვს, რომ ამ პოზიციაში ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქე იქნება სამართალდამცავი ორგანოების გვერდით“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, შსს-ს მისი ფუნდამენტური გამოწვევების გარდა, როგორიცაა ორგანიზაციულ დანაშაულთან ბრძოლა, როგორიც არის უსაფრთხოების გარანტიები და საზღვრის დაცვა, აქვს ახალი გამოწვევები, ისეთები, როგორიც არის ადამიანის უფლებებზე ზრუნვა, პრევენციაზე ორიენტირებული საპოლიციო მართლმსაჯულება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

„შესაბამისად, ჩვენ იმ ძირითადი საკვანძო მიზნების გათვალისწინებით, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ, შემდგომ კრიტერიუმების საშუალებით ვაკეთებთ შემდგომ პრიორიტეტებს. დღეის მდგომარეობით, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია რეფორმები კრიმინალური პოლიციის სისტემაში და რა თქმა უნდა, საზღვრის დაცვის მიმართულებით. ასევე, შემდგომი ნაბიჯის გადადგმა საპატრულო პოლიციის რეფორმირებაში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამართული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი საპოლიციო სისტემის გარეშე არ არსებობს შსს-ს წარმატება. ამიტომ, ვთვლით, რომ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები უნდა იყოს დროული და სწრაფი

რაც შეეხება კრიმინალური პოლიციის რეფორმირებას, დღეის მდგომარეობით ჩვენ კარგად გვესმის, ორგანიზებული დანაშაული არის ძირითადი გამოწვევა ჩვენს წინაშე. სამწუხაროდ, ჩვენ საზოგადოებაში ჯერ კიდევ შემორჩენილია ქურდული მენტალიტეტის მატარებელი პიროვნებების პიეტეტი, ამიტომ ვთვლით, რომ კრიმინალური პოლიცია უნდა იყოს ეფექტური და უფრო სწრაფად რეაგირებდეს იმ გამოწვევებზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების წინაშე დგას“, – განაცხადა შს მინისტრმა.