გიორგი გახარია - ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ
გიორგი გახარია - ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ

ჩვენი პასუხისმგებლობა არის საერთო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ციფრები შევამციროთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის შეკითხვაზე კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკასთან დაკავშირებით.

„როგორ შეიძლება, ეს შეაფასო. ეს არის უმძიმესი ტრაგედია ქვეყნისთვის და თითოეული ჩვენგანისთვის. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, გავუფრთხილდეთ მაღალი რისკის მქონე მოქალაქეებს. მაღალი რისკის ჯგუფები პირველ რიგში არის ჩვენი ხანდაზმულები. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ქრონიკული დაავადების ადამიანები, ჩვენი მოქალაქეები, არიან მძიმე მდგომარეობაში და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათზე ვიზრუნოთ.

როდესაც ვსაუბრობთ, რომ ვატაროთ პირბადე, პირბადე არ არის შესაძლებლობა, რომ ვიზრუნოთ ჩვენს თავზე, პირბადე არის შესაძლებლობა, ვიზრუნოთ ჩვენს თანამოქალაქეებზე, ჩვენი ოჯახის წევრებზე. ამიტომ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ დამეზარება, ვთქვა, რომ სოციალური პასუხისმგებლობაა და პატრიოტიზმიც არის. ჩვენ ვებრძვით გლობალურ პანდემიას და ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის გლობალური მოვლენა. შეუძლებელია, ვერც ერთი ქვეყანა, ცალკე აღებული, პანდემიას ვერ დაამარცხებს. შეხედეთ, რა ხდება ევროპაში, უაღრესად სამწუხაროა, რაც ხდება მსოფლიოში. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა არ არის მხოლოდ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა, ჩვენი პასუხისმგებლობა არის ჩვენს თანამოქალაქეებზე პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა არის საერთო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ციფრები, სულ უფრო და უფრო შევამციროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი