გიორგი გახარია - ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას
მინდა, მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და გითხრათ, რომ ჩვენი პარტიის კარი ღიაა თითოეული თქვენგანისთვის, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის სადამფუძნებლო კონფერენციაზე.
„ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც შეუძლია, თვალი გაუსწოროს სიმართლეს, რომელსაც ჰყოფნის სითამამე, ეს სიმართლე წარმოთქვას და აღიაროს ქვეყნის, მოქალაქეების წინაშე და რომელსაც შესწევს ძალა, არა სხვებზე ხელის გაშვერითა და მითითებით, არამედ ყოველდღიური ქმედებით, თავის თავზე პასუხისმგებლობის აღებით, ყოველდღიურად იშრომოს, ემსახუროს სახელმწიფოს. სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას თითოეული ჩვენი მოქალაქე და სახელმწიფოს, რომელმაც უნდა დაიცვას ჩვენი სამშობლო დღეს, გლობალურად უზარმაზარი გამოწვევების ეპოქაში.
მინდა, გითხრათ, რომ „საქართველოსთვის“ გუნდი ხართ თქვენ, საქართველოს თითოეული მოქალაქე. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან ერთად შრომა და ჩვენ გვერდით დგომა იქნება წარმატების საწინდარი და იქნება უდიდესი ღირსება ჩვენთვის. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოსთვის და ქართული სახელმწიფოსთვის შრომა, ყოველდღიური მსახურება არის უდიდესი ღირსება. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომ ამის შესაძლებლობას გვაძლევენ ჩვენ და ჩვენთვის არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, სად ვემსახურებით ჩვენ ჩვენს ქვეყანას – ხელისუფლებაში, ოპოზიციაში, თუ კიდევ სადმე სხვაგან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.