გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი
გიორგი გახარია - ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი

ჩვენი მიზანია ძლიერი, სოციალურად პასუხისმგებლიანი ქართული ბიზნესი, თუმცა ისიც გვესმის, რომ სანამ სრულ სოციალურ პასუხისმგებლობამდე მივალთ, ვალდებული ვართ, ბიზნესს სრულად დავუჭიროთ მხარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,  გიორგი გახარიამ, ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, სახელმწიფო ბიზნესს სრულად უჭერს მხარს, თუმცა ამ ნაწილშიც ბალანსის დაცვა აუცილებელია.

„შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო, სამუშაო კომუნიკაციების არხების აწყობა პირველ რიგში ასოციაციებთან. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია უახლოეს პერიოდში, დაახლოებით ორ-სამ თვეში ყველა პრობლემა დავწყვიტოთ იმისთვის, რომ ქართულმა ბიზნესმა უფრო მეტი ინვესტიცია მოახდინოს და მეტი სამუშაო ადგილი შექმნას. ჩვენ დღეს ვსაუბრობთ 2020 წლის გეგმებზე და ვამბობთ, რომ დარჩენილ ორ თვეში მთავრობა ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ბიზნესს შევუქმნათ კომფორტული პირობები, რომ უფრო თავდაჯერებულად იგრძნონ თავი, ბიზნესგარემო იყოს უფრო პროგნოზირებადი, სახელმწიფო აპარატი იყოს უფრო მეგობრული ბიზნესისთვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო  შრომის კოდექსთან დაკავშირებულ ინიციატივასაც. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია შედგება როგორც ბიზნესის, ასევე პროფკავშირების წარმომადგენლებთან.

„ვისაუბრეთ შრომის კოდექსზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ინიციატივაა და პარლამენტში ჯერ არ შესულა. აღვნიშნეთ, რომ დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების ბალანსი ეს არის ის, რა გზითაც უნდა მიდიოდეს ჩვენი დონის ეკონომიკა. რა თქმა უნდა, აქ პრიორიტეტები საკმაოდ რთული დასალაგებელია, თუმცა, ჩვენ ამას გავაკეთებთ პირველ რიგში ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით, ისევე, როგორც ამაზე საუბარი გვექნება პროფკავშირებთან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.