გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის მეორე ტალღისთვის საქართველოს დღეში 10 ათასამდე „პისიარ“ ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს
გიორგი გახარია - ჩვენი ძირითადი ამოცანაა, კორონავირუსის მეორე ტალღისთვის საქართველოს დღეში 10 ათასამდე „პისიარ“ ტესტის ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყნის ჯანდაცვისა და სახელმწიფო მართვის სხვადასხვა სისტემები კორონავირუსის მოსალოდნელ მეორე ტალღას უფრო მომზადებულები უნდა დახვდნენ და არსებული დრო გამოიყენონ.

მისივე თქმით, პარლამენტში მიმდინარეობს 2020 წლის კრიზისული ბიუჯეტის განხილვა, რომელიც სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებშიც, ბიუჯეტის კვლავ გადახედვა საჭირო არ იყოს.

„პირველი ტალღის დროს საზოგადოების, მოქალაქის გამოყოლას და დათანხმებას, ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მეორე ტალღის დროს ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის დრო, რომელიც ფაქტობრივად მოქალაქეებმა მოგვცეს, რათა ჩვენი ჯანდაცვის და სახელმწიფო მართვის სისტემები უფრო მომზადებულები დახვდნენ შესაძლო მეორე ტალღას. დღეს პარლამენტში მიმდინარეობს კრიზისული ბიუჯეტის განხილვა, რომელიც გათვლილია და სისტემურად მომზადებულია ისე, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებშიც, არ დაგვჭირდეს ბიუჯეტის ხელახლა გადახედვა. ეს ამ ბიუჯეტში ჩადებულია.

მეორე ნაწილი – ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ჰოსპიტალური სისტემა სრულად უნდა მოემზადოს დარჩენილ სამ თვეში იმისთვის, რომ მეორე ტალღის დადგომის პირობებში ინფრასტრუქტურულად იყოს სრულად გამართული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

პრემიერის განმარტებით, მესამე ნაწილია ინფიცირების გამოვლენისა და ტესტირების სისტემა, რაც თავდაცვის პირველი ხაზია.

„ჩვენი ძირითადი ამოცანაა, რომ ეპიდემიის დაწყების დროს თუ საქართველოს შეეძლო დღეში ოქროს სტანდარტის 75-100 „პისიარ“ ტესტირების ჩატარება და დღეს გვაქვს საშუალება, დღეში ჩავატაროთ 4 000-4 500 ტესტი, მეორე ტალღისთვის საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, დღეში 10 ათასამდე ასეთი ტესტი ჩაატაროს.

ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პრინციპი და მიზანი, რომელიც ჩვენ პირველ ეტაპზე ავირჩიეთ, იყო იმპორტირებული ვირუსის შეკავება, მეორე ეტაპზე – ადაპტაცია და მესამე ეტაპზე – მართვა. ამ ეტაპზე, რომელსაც დღეს მართვას ვეძახით, ჩვენი ძირითადი მიზანია, სწრაფად გამოვავლინოთ, სწრაფად ვუმკურნალოთ და სწრაფად დავაბრუნოთ ადამიანი ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა დღეს, ამ პანდემიის დროს, არის შეზღუდული ფინანსური რესურსი და ჩვენი ამოცანაა, ეს შეზღუდული ფინანსური რესურსი მაქსიმალურად სამართლიანად და დროში ეფექტურად გადავუნაწილოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს, პირველ რიგში, სჭირდებათ. იმ ადამიანებს, ვინც სამსახური დაკარგა, ვინც თვითდასაქმებული იყო, ვინც იყო სოციალურად დაუცველი, 65 000-100 000 ქულას ფარავდა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, დახმარება განაწილდა ექვს თვეზე, რადგან იყოს მეტი მდგრადობა და დრო, რომელიც ქვეყანამ, მოქალაქეებთან ერთად მოიგო, სწორად იყოს გამოყენებული სამი სისტემის ასაწყობად – ინფიცირების სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ეკონომიკურ ცხოვრებაში ადამიანის სწრაფად დაბრუნება.

„ერთადერთი, ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მსგავსი შეზღუდვები, რომლებიც გვქონდა მობილობის დასაგდებად, აღარ მოგვიწიოს, რადგან სოციალურ-ეკონომიკურად საქართველოს უკიდურესად გაუჭირდება კიდევ ერთხელ მსგავსი მძიმე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესება“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.