გიორგი გახარია - ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს
გიორგი გახარია - ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს

ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს, – ამის შესახებ პარლამენტში შს მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, მართლმსაჯულების ერთიან სისტემას განვითარება და დახვეწა სჭირდება.

„ჩვენც ვამბობთ, რომ ჩვენ შსს-ში გამოძიების კომპონენტში ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი და სწორედ ამიტომ დავიწყეთ ის რეფორმები, რაზეც მე დღეს ვისაუბრე. სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენი რეფორმების პაკეტს ქვია „სისტემური განახლება. სწორედ ამიტომ ვთქვით, რომ არ გვეშინია და სტატისტიკას დავდებთ ზუსტად ისეთს, როგორიც არის. იქნება 30%-იანი ზრდა? არ გვეშინია. იქნება 40%-იანი ზრდა? არ გვეშინია. რეალურად თუ არ შევზედეთ ობიექტურ რეალობას თვალებში, ეს ყველაფერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პროექტები, პროგრამები, რასაც სტრატეგიული გეგმები და ვერ განვახორციელებთ ვერაფერს.

ჩვენ ვახორციელებთ აბსოლუტურად გააზრებულ სტრუქტურულ და შინაარსობრივ რეფორმებს და თუ სტატისტიკა დღეს იმის გამო, რომ აღრიცხვას ძალიან მკაცრად ვუდგებით, გაგვეზარდა, შედეგები გვექნება სულ მალე, წლის ბოლოსთვის. მე როცა ვამბობ, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმის შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ საუბნო საქმე უნდა იყოს ცალკე, გამოძიება უნდა იყოს ცალკე და ოპერატიული საქმიანობა უნდა იყოს ცალკე, ეს იმას ნიშნავს რომ წლების განმავლობაში ეს ყველაფერი იყო არეული და მხოლოდ ხელფასის გამო ხდებოდა ადამიანების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნა“, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.