გიორგი გახარია - ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ
გიორგი გახარია - ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ

ჩვენ როდესაც გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, რა თქმა უნდა, მე ხმას არც ერთს არ მივცემ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი.

„დარწმუნებული ვარ, რომ ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები. საერთოდ ჩვენ, ყველანი თუ არ დავფიქრდით არჩევნებში, პირველ რიგში, ფულის როლზე, თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, შეიძლება, არჩევნებმა საერთოდ აზრი დაკარგოს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, დღეს მან მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა და ხმა მისცა საქართველოსთვის.

„რაც შეეხება მეორე ტურს, მე ჩემი მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა მომეხადა. მოვიხადე და ხმა მივეცი საქართველოსთვის. საქართველოსთვის იმიტომ, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა, რომელსაც პირველ და მეორე ტურში მონაწილეობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მოგეხსენებათ, პარტია „საქართველოსთვის“ დღეს 11 მაჟორიტარს აქვს საარჩევნო დღე და ერთ მერობის კანდიდატს. დღესაც მინდა, თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადავუხადო.

როდესაც ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს არჩევანს გვართმევენ, როდესაც ორი პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და საერთოდ გვაიძულებენ, რომ არჩევანი გავაკეთოთ ცუდსა და ცუდს შორის, რა თქმა უნდა, ხმას ვაძლევ საქართველოსთვის. საქართველოსთვის ნიშნავს იმას, რომ როდესაც ჩვენ გვაიძულებენ, ორ ცუდს შორის ერთი ავირჩიოთ, უფრო უარესი კი არა, ორ ცუდს შორის ერთი, რა თქმა უნდა, მე არც ერთს ხმას არ მივცემ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კითხვაზე, პარტია „საქართველოსთვის“ ოპოზიციის მხარეს იდგება თუ არა რომელიმე რეგიონში, გახარიამ განაცხადა: „ჩვენს პარტიას სისტემური კოალიცია არ გვექნება არავისთან, რადგან 18 წლის შემდგომ, ჩვენ ვირჩევთ ორ ცუდს შორის. მათი კამპანიის ძირითადი საყრდენი იყო, რომ გვეუბნებოდნენ, ის უფრო ცუდია, ეს წარმოუდგენელი რამეა. „ლელოსთან“ კი, ჩვენ ვთანამშრომლობთ“.

ამასთან, გიორგი გახარიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელზეც აღნიშნა, რომ ის პოლიტპატიმარი არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფო აპარატმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე არ უნდა იზრუნოს.

„მახსოვს, წინა არჩევნებზე კომენტარი გავაკეთე, რომ საერთოდ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა იყო ორგანიზებული კომედია, რომელიც არჩევნების წინა დღეს მოგვიწყვეს. ეს ყველაფერი გადაივლის, ქართველი ამომრჩეველი დაფიქრდება. ვთქვი, რომ მთავრობას მეტი გონიერება მართებს, რომ ეს ამბავი ერის ტრაგიკომედია არ გახდეს. ყველა პატიმარს უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან სრული ზრუნვა ჯანმრთელობაზე და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, სე არ გააკეთონ, სახელმწიფო და ქვეყანა დააზიანონ“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ პარტიის დატოვებას, როგორც გახრიამ აღნიშნა, მისმა კოლეგებმა უკვე გააკეთეს კარგი კომენტარი, რომ ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს.

„გახარიას გუნდი აგრძელებს ბრძოლას თავისი ამომრჩევლების მომავლისთვის, ქვეყანაში მშვიდობიანი ცვლილებისთვის. იმისთვის კი არა, როდესაც ერთი სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს, მერე იძიებს და ამ ცირკში გვაცხოვრებენ. ჩვენი ერთობა არის ფასეულობებზე დაფუძნებული და ჩვენ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით გავაგრძელებთ ბრძოლას“, – განაცხადა გახარიამ.

დატოვე კომენტარი