გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ ღირსეული ლიდერი, ჩემი კარგი მეგობარი და სპეკულაციები უნდა დასრულდეს, სჯობს,  შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება
გიორგი გახარია - ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ ღირსეული ლიდერი, ჩემი კარგი მეგობარი და სპეკულაციები უნდა დასრულდეს, სჯობს, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება

ირაკლი კობახიძე არის „ქართული ოცნების“ გუნდის ღირსეული ლიდერი, ჩემი კარგი მეგობარი და ეს სპეკულაციები, ჭორები ამით უნდა დასრულდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისშია, რასთან გასამკლავებლადაც ყველა ერთად უნდა შრომობდეს. როგორც გახარია ამბობს, პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება.

„ხანდახან პოლიტსაბჭო იკრიბება საკმაოდ სწრაფად, ჩემი დღის დაგეგმვა ხდება საკმაოდ ადრე, ბევრი საქმეა ქვეყანაში. მარტივი რამე მინდა გითხრათ – დღეს შეხედეთ, უკვე ერთი კვირაა ვცდილობ, რომ მაქსიმალურად ყოველ კვირას მივიდე სკოლაში, რადგან ჩვენი ბავშვები პანდემიის გამო არიან უაღრესად მძიმე მდგომარეობაში. ბავშვები სასწრაფოდ, ყველამ ერთად უნდა დავაბრუნოთ სასწავლო კლასებში, რათა შეძლონ ნორმალური განათლების მიღება. მეორე მხრივ, ამ ბავშვების მშობლებს, ქართულ ოჯახებს ელემენტარულად უჭირთ, იბრძვიან ყოველდღიური შემოსავლისთვის. ეკონომიკურ კრიზისში ვართ, ამ ეკონომიკურ კრიზისთან გასამკლავებლად, ყველანი ერთად უნდა ვშრომობდეთ. რაც ჩამოგითვალეთ, ეს ყველაფერი გადასაწყვეტია და მე პოლიტსაბჭოზე ხან ვახერხებ მისვლას, ხან ვერ ვახერხებ.

ახლა კიდევ ერთი რამ მინდა, გითხრათ, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის აი, ასეთი ხარისხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები, უნდა დასრულდეს. რადგან ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკურიც, უსაფრთხოების თვალსაზრისით და საბოლოო ჯამში, დაგვემატა ეს ჯანდაცვის თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული რომელიმე პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. უბრალოდ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური ხულიგნობა, ან უშინაარსო რაღაც ქმედებები, უკვე ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. რადგან ჯანდაცვის პრობლემა, ეკონომიკის პრობლემა, ჩვენი ბავშვების სკოლაში დაბრუნების პრობლემა, ეს ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემაა, ხვალინდელი დღის პრობლემაა და იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ – გადავიხდი გირაოს ან არ გადავიხდი, სჯობს ის მანდატი გავიაზროთ, რაც მოქალაქეებმა არჩევნების დროს დაგვაკისრეს. შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და ყველამ ერთად ვიზრუნოთ ქვეყანაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.