გიორგი გახარია - ბოლო პერიოდში, მედიასივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ბოლო პერიოდში, მედიასივრციდან შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი გაქრა, არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს ანტიკრიზისულ ბიუჯეტთან დაკავშირებით ოპოზიციის შენიშვნების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
„სამწუხაროდ, ძალიან ადრე შევედით საარჩევნო პროცესში. სამწუხაროდ, კიდევ რა არის იცით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, საერთოდ მედიასივრციდან პოლიტიკური ნიუსი, შინაარსობრივი პოლიტიკური ნიუსი, როგორც ასეთი, გაქრა. არის მხოლოდ და მხოლოდ „ფეიკი“ და პროპაგანდა. რეალურად, ამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის ვერსიაში, რომელიც შეიტანა მთავრობამ, არაფერი დაურღვევია, რეგლამენტის შესაბამისად, საათების მიხედვით იყო გაკეთებული. არის უკიდურესად სერიოზული, სისტემური ნამუშევარი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან ერთად. თითოეული პარამეტრი არის ზუსტად გაზომილი და დადგენილი. გარდა ამისა, ეს ბიუჯეტი ითვალისწინებს ბევრ ისეთ რაღაცას, როგორიც არის, მეორე ტალღის შესაძლებლობა. ჩვენ ხომ არ უნდა დავაყენოთ ჩვენი თავი და სახელმწიფო იმ მდგომარეობაში, რომ თუკი, მაგალითად, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შემოდგომისას გაუარესდა, კიდევ ერთი, მესამე დაკორექტირებული ბიუჯეტი შევიტანოთ.
ამიტომაც, ბიუჯეტზე მუშაობა არ იყო მარტივი, მაგრამ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროსაც, ეროვნულ ბანკსაც და მთავრობის ადმინისტრაციის ეკონომიკურ გუნდსაც, რადგან ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, სისტემური ნამუშევარი, კრიზისულ პირობებში როგორ შეიძლებოდა, ასეთი ბიუჯეტის წარმოდგენა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.