გიორგი გახარია - ბევრ ქვეყანაზე ადრე დავიწყეთ ღონისძიებების გატარება, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც ასევე დროულად უნდა დავიწყოთ
გიორგი გახარია - ბევრ ქვეყანაზე ადრე დავიწყეთ ღონისძიებების გატარება, უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც ასევე დროულად უნდა დავიწყოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობის კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა ორი ძირითადი გამოწვევა – ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. მისივე თქმით, ორივე ფრონტზე გამარჯვება მნიშვნელოვანია ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის.

„ყველას კარგად გვესმის, უკვე ვთქვით და ბევრჯერ გავიმეორეთ, რომ კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამდენიმე ძირითადი გამოწვევა. ეს გახლდათ – პანდემიის სწრაფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვას, შემდეგ ეკონომიკის გადარჩენა. ორი ფრონტი – ჯანმრთელობა და ეკონომიკის გადარჩენა. ყველას კარგად გვესმის, რომ არანაირი აზრი ცალკე აღებულ რომელიმე ფრონტზე გამარჯვებას გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის განვითარებისთვის არ აქვს. ჩვენ იმ მდგომარეობაში ვართ, როცა სრულად უნდა გავიაზროთ, რომ უნდა გავიმარჯვოთ – ერთი და მეორე მიმართულებითაც. ამიტომ, ის ბალანსი, რომელიც უნდა გვეპოვა, როცა ვიღებდით საკმაოდ მკაცრ ზომებს მოქალაქეებისთვის, კომპანიებისთვის, მეწარმეებისთვის, უნდა დაგვებალანსებინა იმ რისკებით, რომლის წინაშეც დგებოდა ჩვენი ჯანდაცვის სისტემა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერის განმარტებით, ქვეყანამ ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც დროულად უნდა დაიწყოს.

„ეს არის ის ძირითადი მოცემულობა, რაც უნდა გაგვეთვალისწინებინა და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ბევრზე უფრო ადრე დავიწყეთ მსგავსი ღონისძიებების გატარება, ეს იმის საშუალებას არ გვაძლევს, რომ მოვდუნდეთ, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკის გახსნის ნაბიჯებიც ასევე დროულად უნდა დავიწყოთ სხვებისგან განსხვავებით იმ მიზნით, რომ როცა პანდემიას დაძლევს მთელი მსოფლიო, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ძირითადი, გლობალური კონკურენცია გავრცელდება და განვითარდება ქვეყნების ეკონომიკებს შორის და ამისთვის საქართველო მზად უნდა იყოს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.