გიორგი გახარია - არავინ არაფრით დაზარალდება, როცა იქნება საჭირო, გერმანიაშიც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს
არავინ არაფრით დაზარალდება, როცა იქნება საჭირო, გერმანიაშიც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლებმა ხელისუფლება გააკრიტიკეს იმ გადაწყვეტილებისთვის, რომლითაც საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა 31 ივლისამდე გახანგრძლივდა.
„ამ გადაწყვეტილების ერთადერთი მიზანი და მიზეზი იყო მოქალაქეზე ზრუნვა, ისე, რომ ქვეყნის რეპუტაცია არ დავანგრიოთ. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ზოგიერთებს ჟრიამული ჰქონდათ, თქვენზე არ ვამბობ, აი, საქართველო იძახის პანდემიას გავუმკლავდითო და უსაფრთხო ქვეყნების სიაში არ შეიყვანენო, შეგვიყვანენ. შეგვიყვანენ, გარწმუნებთ. ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული ერთადერთი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, საქართველოში ფრენები ხორციელდება არა მხოლოდ ევროკავშირიდან. თქვენ გარწმუნებთ, რომ ევროკავშირის უმსხვილეს ავიაკომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები გვაქვს და პირველი რიცხვიდან ბევრი დედაქალაქის მიმართულებით რეისები გაიხსნება. ეს ჩვენთვის მმართველობის ნაწილში უფრო მარტივია, კონკრეტულ ავიაკომპანიას, კონკრეტულ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, კონკრეტულ მწვანე ზონებში პირდაპირი რეისები დავნიშნოთ უპრობლემოდ.
თქვენ რომ ბედნიერი გგონიათ თქვენი თავი, რომ ან ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნებში საქართველო ვერ მოხვდება, ან ვიღაცა გაგვიბრაზდება იმის გამო, რომ რეისები გადავავადეთ, ეს ჩვენ ყველასთან შეთანხმებული გვაქვს, მეგობრებო. თქვენ რომ არ შეგითანხმეთ, მაგაზე ნუ ღელავთ, რა. არავინ არაფრით არ დაზარალდება. გერმანიაზეც იქნება ფრენები, ამსტერდამშიც იქნება, როცა იქნება საჭირო, მაშინ, როგორც კი ქვეყანას გაუხსნიან საზღვარს“, – მიმართა ოპოზიციას გიორგი გახარიამ.