გიორგი გახარია - არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე - კომპეტენციის ზრდა
არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე – კომპეტენციის ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ უახლოეს პერიოდში ადგილობრივ დონეზე კომპეტენცია გაიზარდოს.
„ადგილობრივი ხელისუფლების თვითმმართველობის გაძლიერების პროგრამა გვაქვს, სამოქმედო გეგმა, რომელიც 2025 წლამდე მუშაობს. ჩვენ თუ უახლოეს პერიოდში ადგილობრივ დონეზე კომპეტენცია არ გავზარდეთ – თქვენ ხომ ხედავთ ყველანი, განსაკუთრებით, მაჟორიტარები ხართ – რა ხარისხის და რა დონის დელეგირება ხდება, როგორც ფინანსური რესურსების, ასევე გადაწყვეტილების მიღების ადგილობრივ დონეზე. იქ თუ კომპეტენცია არ დახვდა, არის უზარმაზარი რისკები.
არაეფექტიანობის, კორუფციის, კიდევ ბევრი რაღაცის. ამიტომ, არავინ აპირებს მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების დელეგირების შემსუბუქებას, ან გაჩერებას, მაგრამ შემხვედრი პროცესიც უნდა დაიწყოს ადგილობრივ დონეზე – კომპეტენციის ზრდა. სხვანაირად შედეგი დადგება არასახარბიელო და ჩვენი მოქალაქე, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში იქნება უკმაყოფილო და ეს უკმაყოფილება შემდგომ გამომჟღავნდება სხვადასხვა ქმედებებში. რაც შეეხება დელეგირების პროცესს, ეს გაგრძელდება იმ გეგმის შესაბამისად, რომელიც გვაქვს 2025 წლამდე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ერთად და მაჟორიტარებმა ადგილობრივ დონეზე, რომ კომპეტენციის ზრდას ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.