გიორგი გახარია - არა მარტო ტერიტორიები, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ამ პრობლემის გადაჭრამდე, სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია
ადამიანები, რომლებიც ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, დღეს ჩვენ პრეტენზიას გვიყენებენ ოკუპაციის საკითხზე – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ფრაქციებთან შეხვედრაზე.
გიორგი გახარიას თქმით, სამწუხაროდ, ოკუპაცია არა მხოლოდ პოლიტიკური შემადგენელია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, ჩვენი უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი რისკია.
„ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ, შეიძლება ამას ვერ ვგრძნობთ, ვერ ვეხებით, მაგრამ ყოველდღიურად ვცხოვრობთ ოკუპაციის პირობებში. ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცამ ოკუპაციის თემის პრივატიზება მოახდინოს.
ჩვენ არ უნდა გაგვიჩნდეს ეს კომპლექსი, ადამიანები, რომლებიც ამ ოკუპაციაზე პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდნენ, ეს ადამიანები დღეს ჩვენ პრობლემას და პრეტენზიას გვიყენებენ საერთოდ ოკუპაციის საკითხზე. ერთი რამ მინდა გითხრათ, როდესაც ხშირად საუბრობენ ოკუპაციაზე, ეს სიმბოლოები – 20 პროცენტი საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. მაგრამ, ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ მარტო ტერიტორიებზე, ასევე საქართველოს ეკონომიკის 20 პროცენტი არის ოკუპირებული. ოკუპირებულია საერთოდ ამ ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სანამ ამ პრობლემას არ გადავწყვეტთ, ჩვენი ქვეყნის სრულფასოვანი განვითარება ვერც ერთი მიმართულებით, ეკონომიკური, კულტურული, ადამიანური, ვერ მოხერხდება და ეს იქნება შეუძლებელი“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, არა მარტო ტერიტორიები, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ამ პრობლემის გადაჭრამდე, სრულფასოვანი განვითარება შეუძლებელია
„ოკუპაცია არის ის პრობლემა, რომელიც გადაწყვეტის დღემდე იქნება თანმდევი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების. არ ვამბობ არაფერს იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობენ. ეს მათი ყოველწუთიერი ყოფის თემაა, ისევე როგორც დევნილებზე, რომლებიც საერთოდ ამ განზომილებაში ცხოვრობენ. შესაბამისად, ყველა ის ინიციატივა, ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ, საერთოდ სახალხო დიპლომატია, ყველა ის საერთაშორისო ფორმატები მოლაპარაკებების, რომლებშიც ჩვენ ვსაუბრობთ დღეს, მაქსიმალური ეფექტურობით უნდა გამოვიყენოთ.
ეს იმხელა პრობლემაა ქვეყნისთვის და საერთოდ ქვეყნის განვითარების იმხელა დამაბრკოლებელი კომპონენტია, რომ ერთმნიშვნელოვნად უნდა შევთანხმდეთ, რომ ოკუპაციის დაძლევისთვის, ომის გარდა, ყველაფერი მისაღები უნდა იყოს.
ეს არის ფართო შეთანხმება, ფართო კონსენსუსი, რომელზეც ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რამეთუ უნდა გვესმოდეს, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ოკუპირებული ტერიტორიები 20 პროცენტი არაფერს არ ნიშნავს, ადამიანების 20 პროცენტი, ეკონომიკური განვითარების 20 პროცენტი, ქვეყნის საერთოდ განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი, ადამიანური რესურსების 20 პროცენტი, ყველაფერი ეს არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და საერთო ჯამში ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20 პროცენტი არის ოკუპირებული.
ეს უნდა გავხადოთ ყველამ ჩვენ ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი, ჩვენი შრომის ყოველდღიური ნაწილი უნდა გავხადოთ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა. უნდა იყოს მისაღები ომის გარდა. ჩვენ ჩვენმა უახლესმა ისტორიამ გვანახა, რომ ომი არ არის გამოსავალი, ეს არ არის ის მიდგომა, რომლითაც ეს პრობლემა შეიძლება გადაწყდეს. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, რომ 24 საათიანი შრომა, უკეთესი მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო ძლიერი ინსტიტუტები და რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევა არის ერთადერთი გამოსავალი ამ პრობლემის გადაწყვეტის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.