გიორგი გახარია - ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს, დიახ, მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს
გიორგი გახარია - ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს, დიახ, მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს

მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია და ისტორია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელმაც დღეს მთავრობის სხდომაზე აზერბაიჯანში ვიზიტი შეაჯამა.

პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და მათ შორის აღნიშნა, რომ საუბარი დავით გარეჯის თემასაც შეეხო.

„ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები, რომლებიც არაა დადგენილი. ეს ჩვენი პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობაა და 25 წელია, ეს პრობლემა ვერ მოგვარდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ ჩვენ გვაქვს ისტორია და გეოგრაფია, რომელიც გვაკავშირებს, დიახ, მეგობრებსა და პარტნიორებს გეოგრაფია კი არ ყოფს, არამედ აკავშირებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ ამ საფუძველსა და ფუნდამენტზე იყო აბსოლუტურად ღია საუბარი მიმდინარე პრობლემებზე.

„როგორც შედეგი, შემიძლია გითხრათ, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება და შესაბამისად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებითაც უნდა გვქონდეს სერიოზული პროგრესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა აზერბაიჯანისა და საქართველოს რეგიონულ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზეც გაამახვილა ყურადღება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პრემიერის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა.