გიორგი გახარია აკაკი ბობოხიძეს - სამწუხაროა, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ასეთი სასოწარკვეთილი რომ არის და გვარს ეხება, სირცხვილია [ვიდეო]

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მის გვართან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის, აკაკი ბობოხიძის მიერ გაკეთებულ შეფასებას გამოეხმაურა.

გიორგი გახარია აკაკი ბობოხიძესთან მივიდა და მიმართა: „გულწრფელად გეუბნებით, სამწუხაროა, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ასეთი სასოწარკვეთილი რომ არის და გვარს ეხება, სირცხვილია“.

თავის მხრივ, ბობოხიძემ გახარიას რეპლიკის სახით უპასუხა: „პასუხისმგებლიანი კაცი იტყოდა, მოლაპარაკება ვინ ჩაუშალა“.

გახარია-ბობოხიძის კამათში თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილიც ჩაერთო და ბობოხიძეს „საცოდავი“ უწოდა.

გახარია ბობოხიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან აღნიშნა: „მე მყავს მეგობარი ორჯონიკიძეები და არის საოცარი ხალხი, მაგრამ სიტყვა ორჯონიკიძე ამ გვარისთვის დიდ ტვირთად, ღალატის სინონიმად იქცა. „როცა ბავშვებს ხვდება ტყვია, უხარია გახარიას“  – ამ სიტყვებს მოსახლეობა მალე დაივიწყებს, თუ თქვენ პოლიტიკიდან წახვალთ. თქვენს გვარს ამ სიმღერას წყევლად დაუტოვებთ. საოცარი გვარია გახარია, მაგრამ თქვენი მოქმედებით ეს საოცარი გვარი შეიძლება საშინელი დამღის ქვეშ აღმოჩნდეს“, – მიმართა საკუთარი გამოსვლისას ბობოხიძემ გახარიას.