გიორგი გახარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
გიორგი გახარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ ქობულეთისა და ბათუმის პოლიციის განყოფილებები მოინახულა და თანამშრომლებთან ერთად, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე რეფორმები განიხილა. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კრიმინალურ პოლიციაში საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნის მნიშვნელობაზე, ასევე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

„საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური ახალი ბალისტიკური სკანერით, დოკუმენტებისა და ხელნაწერების ექსპერტიზისათვის განკუთვნილი სპეციალური მიკროსკოპით აღიჭურვა. ახალი ტექნიკური შესაძლებლობები ხელს შეუწყობს საგამოძიებო პროცესის სწრაფ და ეფექტიან წარმოებას“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებთან სამუშაო შეხვედრები პირველ მოადგილესთან, კახა საბანაძესთან და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კოტე ანანიაშვილთან ერთად გამართა.