გიორგი გახარია - გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე
გიორგი გახარია - გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე

9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული, ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

მან მოუწოდა საქართველოს მოქალაქეებს, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 1989 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 1991 წლის 9 აპრილამდე.

„მესმის, რომ დღეს ჩვენთვის ყველაზე დიდი ბრძოლის ხაზი გადის „კოვივიდ-19“-თან ბრძოლაზე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ისტორიაც. 31 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარმა ჩაიდინა დანაშაული. ეს დანაშაული იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა უდიდესი იმედიც.

ეს იმედი უკვე განხორციელდა ახალ 9 აპრილს, უკვე 1991 წელს, როდესაც ქვეყანამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ჩვენ დავიწყეთ სახელმწიფოებრიობის მშენებლობა უახლოეს ისტორიაში. რა თქმა უნდა, ჩვენი გმირების ხსოვნას ყოველთვის უნდა მივაგოთ პატივი, გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი იმისთვის გავიღეთ, რომ შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები სახელმწიფოს შექმნის პროცესში უნდა იყოს კიდევ უფრო ეფექტური და წარმატებული.

მინდა, როგორც ქედი მოვიხარო თითოეული მათგანის წინაშე, ასევე თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ახალ ბრძოლაში მოვუწოდო, გვახსოვდეს წარსული და ის ერთიანობის განცდა, რამაც 89 წლის 9 აპრილიდან მიგვიყვანა 91 წლის 9 აპრილამდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

დატოვე კომენტარი