გიორგი გახარია - 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ
გიორგი გახარია - 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ

2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საახალწლო მილოცვისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები, პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები და თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა.

„გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის უჩვეულო და გამოწვევებით სავსე იყო. ჩვენ აღმოვჩნდით ომში უხილავ მტერთან, რომელმაც გვაიძულა უარი გვეთქვა ჩვეული ცხოვრების რიტმზე, დაგვაკარგინა ძვირფასი ადამიანები. დიდ განსაცდელთან ერთად, ამავე დროს, 2020 წელი დიდი გადაფასებების წელიც იყო, როდესაც თითოეული ჩვენგანი დაფიქრდა ყველაზე მთავარ ღირებულებაზე – ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, რომლის გარეშეც არაფერს აქვს ფასი. რაც ყველაზე მთავარია, 2020 წელი იყო უპრეცედენტო სამოქალაქო პასუხისმგებლობის წელი, როდესაც სახელმწიფო და მოქალაქე ერთად დადგა გამოწვევის პირისპირ.

უხილავ მტერთან ბრძოლას საკუთარი გმირები ჰყავს. ეს გმირები არიან ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე ადამიანები – ექიმები, ექთნები თუ სანიტრები, რომლებიც ამ წუთებშიც იბრძვიან ჩვენი მოქალაქეების გადასარჩენად, – მინდა მათ მუდამ ახსოვდეთ, რომ ყველანი განსაკუთრებულად მადლიერები ვართ მათი. ეს გმირები არიან ის პოლიციელები, ჯარისკაცები, თვითმმართველობების თანამშრომლები, თითოეული ის საჯარო მოხელე, რომელიც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დაუღალავად შრომობდა, რათა უფრო უსაფრთხო გარემო შეექმნა, უბრალოდ დახმარებოდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.