გიორგი გახარია - 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილი
გიორგი გახარია - 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილი

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასრულწლოვნების მართლმსაჯულებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან, ყურადღების მიღმა არიან დარჩენილი. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით საკმაოდ ბევრი სამუშაოა.

“პრობლემაა, რომ 14 ასაკის ბავშვები სამწუხაროდ, იურიდიული ჩარჩოს მიღმა აღმოჩნდნენ. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ვერც ერთ შემთხვევაში ასაკის ჩამოწევაზე საუბარი ვერ იქნება და არ იქნება. ეს ერთმნიშვნელოვანი პოზიციაა. თუმცა შემდეგი რამ უნდა გავითვალისწინოთ, – როდესაც ასაკმა აიწია, რეფერირების სისტემა ყურადღების გარეშე დარჩა და შესაბამისად 14 წლამდე ბავშვები, რომლებიც დანაშაულს ჩადიან სახელმწიფოს ყურადღების მიღმა დარჩნენ. დღეს ეს მარტო სამართალდამცველების და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრობლემა არ არის. აქ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობა ძალზე მნიშვნელოვანია, რამეთუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ერთმნიშვნელოვნად წამყვანი როლის და ფუნქციის მატარებელია. ისევე როგორც განათლების სამინისტრო და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა”,- აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, რეფერირების კომისია, რომელიც შექმნილია და არსებობს, ფაქტობრივად ამ უყურადღებობის გამო უფუნქციოდ არის დატოვებული,  ისევე როგორც სპეციალური დაწესებულება, რომელიც სამტრედიაშია.

“ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 5 თებერვალს შსს და განათლების სამინისტრო არასრულწლოვნების დანაშაულის მიმართულებით იმსჯელებენ. აქ მსჯელობა როგორც რეფერირების სისტემას, ასევე მანდატურის სიტემის ეფექტურობის გაზრდას შეეხება. ეს კომპლექსური მიდგომაა. საჭიროა რეფერირების სისტემისა და კომისიის დახვეწა. ინფრასტრუქტურულად არა მხოლოდ სამტრედიის დაწესებულება, არამედ როგორც ჩანს ალბათ კიდევ ერთი დაწესებულება დაგვჭირდება, აღმოსავლეთ საქართველოში მაინც. პირველ რიგში საკითხი ბავშვებს ეხება, ეს ჩვენი მომავალია და მათი უყურადღებოდ დატოვება დიდი პასუხისმგებლობის თემაა”, – განაცხადა გახარიამ.