გიორგი გაბუნია – საქართველოსადმი ევრობიუროკრატთა დამოკიდებულება არაჯანსაღია, შეიძლება, ქვეყანას მოექცე, როგორც სათამაშოს? უნდოდათ, გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი ვყოფილიყავით
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას თქმით, უკვე მოსაწყენი გახდა საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების კრიტიკა და ანგარიშები, სადაც ქვეყნის მიმართ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ ბრალდებებს ვისმენთ.
გაბუნიას განცხადებით, საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატების დამოკიდებულება არაჯანსაღია.
„კანდიდატ ქვეყანას გვთხოვდნენ, სანქციებს შევერთებოდით და საქართველო ყოფილიყო ქვეყანა, რომელიც სანქციების გვერდის ავლისთვის არ იქნებოდა გამოყენებული. ამის მიზნით ვნახეთ არაერთი პოლიტიკური წნეხი. ამის კარგი მაგალითია ყულევის ნავთობტერმინალის საკითხი. გახსოვთ, რა ამბავი ატეხეს ყულევთან დაკავშირებით, რომ საქართველო გამოყენებულია სანქციების გვერდის ავლისთვის. გახსოვთ გერმანიის ელჩის განცხადებაც, თურმე საკითხს შეისწავლიდნენ და შესაბამის სანქციებს გამოიყენებდნენ. ვხედავთ, რომ დიზელთან დაკავშირებით სანქციები რუსეთს მოუხსნეს. ახლა სხვა სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მომზადება მიმდინარეობს. თურმე დღეს უკვე რუსეთი აღარ არის საფრთხის შემცველი. ჩვენ კი გვავალდებულებდნენ, ის პოლიტიკა გვეწარმოებინა, რაც ევროკავშირისთვის იყო მისაღები. სად არის სამართალი და რაციონალური მიდგომა სახელმწიფოს მიმართ? შეიძლება, ქვეყანას ისე მოექცე, როგორც სათამაშოს? უნდოდათ, ჩვენ ვყოფილიყავით გეოპოლიტიკური სათამაშო იარაღი და ახლა ამ რეზოლუციებით და სხვადასხვა სახის პოლიტიკური გადაწყვეტილებებით ცდილობენ, საქართველო მოაქციონ კრიტიკის ქარცეცხლში. ამ ყველაფერს ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია, ეს უსამართლო და არაჯანსაღი დამოკიდებულებაა ქართული სახელმწიფოს მიმართ. ამას ვერასდროს ვერავის გავუტარებთ. ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ, მაგრამ ეს უნდა ეფუძნებოდეს თანასწორუფლებიან და პატივისცემაზე დაფუძნებულ პრინციპებს და არა კოლონიურ პოლიტიკას, რომელსაც მათი მხრიდან აქვს ადგილი“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.