გიორგი გაბუნია - დამოკიდებულება, რომ მანჯგალაძე არაფერ შუაშია, ადგილზე არ მისულაო, არგუმენტი არ არის, ორგანიზებული დანაშაულისას შეიძლება, ერთ-ერთი ორგანიზატორი ადგილზე არ იყოს, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს
4 ოქტომბერს იყო სახელმწიფო გადატრიალებისა და რევოლუციის მცდელობა. ვნახეთ, როგორ დაიგეგმა, რა განცხადებები კეთდებოდა. ორგანიზატორი ადგილზე იქნება, სხვაგან იჯდება თუ კოორდინაციას გაუწევს, ეს გამოძიების საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ეს იყო კარგად ორგანიზებული, გარედან მხარდაჭერილი და დაფინანსებული ბინძური აქტი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელდა.
„პრეზიდენტის სასახლეზე შეტევა იყო და ძალადობა იყო არა მხოლოდ პრეზიდენტის ინსტიტუტზე, არამედ სამართალდამცველებზე. ეს იყო დანაშაული სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ. ვის რა როლი ჰქონდა, ვინ იყო წამქეზებელი, ვინ – დამხმარე, ვინ – შემსრულებელი, ამას სასამართლო გადაწყვეტს. დამოკიდებულება, რომ მანჯგალაძე არაფერ შუაშია, რადგან ადგილზე არ მისულა და სიტყვით არ გამოსულაო, არგუმენტი არ არის, რადგან ასეთი ორგანიზებული დანაშაული როცა ხდება, იქ, შეიძლება, ერთ-ერთი ორგანიზატორი ადგილზე არ იყოს, მაგრამ სხვა საქმეს აკეთებდეს. სასამართლო რა ბრალსაც გამოკვეთს, იმ სასჯელს დააწესებს“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.