გიორგი ენდელაძე - განათლება ტესტირებებითა და გამოცდებით არ უნდა იზომებოდეს
გიორგი ენდელაძე - განათლება ტესტირებებითა და გამოცდებით არ უნდა იზომებოდეს

განათლება ტესტირებებითა და გამოცდებით არ უნდა იზომებოდეს, – ამის შესახებ აბიტურიენტმა, გიორგი ენდელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„მე თუ მკითხავთ, განათლების სისტემაში ყველაფერი შესაცვლელია. პირველ რიგში, უნდა მოხდეს მასწავლებელთა გადამზადება. დღემდე მიმდინარეობს საბჭოთა რეჟიმით სწავლება, ზეპირობა რასაც ჰქვია. სკოლებში არ უნდა მიდიოდეს მხოლოდ და მხოლოდ თეორიული სწავლება და უფრო და უფრო უნდა გადავდიოდეთ პრაქტიკულ სწავლებაზე; სკოლის გარეთ გასვლა ძალიან ხშირი უნდა იყოს – მუზეუმებში ვიზიტები, ბუნების ნახვა, გეოგრაფიის გაკვეთილების ბუნებაში ახსნა და ა.შ.“ – განაცხადა ენდელაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა ცოდნა მისცა სკოლამ პირადად, მას, გიორგი ენდელაძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა საგანში სხვადასხვაგვარი განათლება მიიღო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში საატესტატო გამოცდებს უნდა აბარებდეს და ამასთან, როცა სწავლების მეთოდოლოგია შეიცვლება, მიღებული ცოდნა უფრო დიდხანს გასტანს.

„სკოლაში მივიღე, როგორც საბაზისო განათლება, ნებისმიერ საგანში, ისე – უფრო ღრმა ცოდნა ზოგიერთ საგანში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაგალითად, ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში საატესტატოებს უნდა ვაბარებდე იმის გამო, რომ 5,5 მივიღო, შემდეგ კლასში გადავიდე და ეს საგანი მთლიანად დავივიწყო. როდესაც პრაქტიკულ სწავლებაზე გადავალთ და მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეებისადმი ცოტა სხვანაირი მიდგომა იქნება, სკოლაში მიღებული ცოდნა უფრო დიდხანს გასტანს და ბავშვებს უფრო დიდხანს დაამახსოვრდებათ, ვიდრე აქამდე ხდებოდა“, – განაცხადა ენდელაძემ.

მისი თქმით, კერძო და საჯარო სკოლები არ უნდა არსებობდეს და მცდარია შეხედულება, თითქოს, საჯარო სკოლაში ბავშვს შესაფერისი განათლების მიღება არ შეუძლია.

„მე, მთელი ცხოვრების განმავლობაში, კერძო სკოლაში ვსწავლობდი და ამაში ფულს ვიხდიდი, ვინაიდან მიმაჩნდა, რომ საჯარო სკოლაში ბავშვს არ შეუძლია, შესაფერისი განათლება მიიღოს. ეს არის არასამართლიანი და არასწორი შეხედულება“, – განაცხადა გიორგი ენდელაძემ.