გიორგი დევდარიანი - „სიონის“ მიზანი ეროვნულ ლიგაში გადასვლაა #1TVSPORT
საქართველოს თასის 1/16-ფინალურ ეტაპზე ბოლნისის „სიონი“ წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება. ამას გარდა, ბოლნისური კლუბი ეროვნული ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მისი მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა. „სიონის“ გეგმებზე მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დევდარიანმა ისაუბრა.
„ეროვნულ ლიგა 2-ში ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დავკარგეთ, რის გამოც პირველი ადგილი დავთმეთ. დაცვაში ბევრი შეცდომა დავუშვით. ამას გარდა, საგოლე მომენტების რეალიზების კუთხითაც პრობლემები გვაქვს. ზაფხულის შესვენებაზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს ამ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.
კლუბის ხელმძღვანელობას ვესაუბრე, პრიორიტეტად ეროვნულ ლიგაში გადასვლა დავისახეთ და იმის გათვალისწინებით, რომ შედარებით მწირი რესური გვაქვს, თასზე დიდ ძალებს ალბათ ვერ დავხარჯავთ. თუმცა ბოლნისელ გულშემატკივარს ვპირდები, რომ ყველა თამაშს ღირსეულად ჩავატარებთ. ჩვენ გვყავს გამოცდილი ფეხბურთელები, „სამგურალში“ ბევრი ლეგიონერია, მაგრამ მათთან ტოლ-სწორად თამაში შეგვიძლია.
წყალტუბოელებმა ჩემპიონატი მძიმედ დაიწყეს, შემდეგ პრობლემები თანდათან მოაგვარეს და აგერ, ვნახეთ კიდეც, რომ ბოლო ტურებში ლიდერებს მოუგეს. როგორც „სიონი“, ისე „სამგურალი“ ზაფხულის შესვენებაზე მოემზადებიან, დანარჩენი კი უშუალოდ თამაშის დროს გამოჩნდება“, – განაცხადა დევდარიანმა.
შეგახსენებთ, რომ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის 1/16-ფინალში „სიონი“ „სამგურალს“ საკუთარ მოედანზე 20 ივლისს უმასპინძლებს.