გიორგი ცივაძემ მატჩზე ვერ ჩააწოდა, საქართველო ლუქსემბურგთან 0:2 ჩამორჩა
გიორგი ცივაძემ მატჩზე ვერ ჩააწოდა, საქართველო ლუქსემბურგთან 0:2 ჩამორჩა

პირველი სათამაშო დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები დევისის თასის მატჩში ლუქსემბურგთან 0:2-ს აგებს.

მეორე შეხვედრაში ჩვენი გუნდის პირველი ნომერი გიორგი ცივაძე, რომელიც მსოფლიოს 1093-ე ნომერია, ურეიტინგო უგო ნასტასის ეთამაშებოდა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან.

პირველ ორ პარტიაში ცივაძე თითქმის სულ წინ იყო. პირველ სეტში ორჯერ დაწინაურდა ბრეიკით და 5:3-ზე შეძლო სეტზე ჩაწოდება. მეორე პარტიაში ქართველმა პირველივე გეიმში მოახერხა ბრეიკის შესრულება და მატჩზე ჩაწოდებამდე მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ანერვიულდა. საბოლოოდ, ნასტასიმ 3:5-დან ზედიზედ ოთხი გეიმი მოიგო და სეტებში ანგარიში გაათანაბრა.

მესამე სეტში ცივაძეს არც ერთი ბრეიკ-პოინტი აღარ ჰქონია, მისმა მეტოქემ კი მეათე გეიმში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და 2 საათსა და 17 წუთში 3:6, 7:5, 6:4 მოიგო.

დღის პირველ მატჩში, ლუქსემბურგელთა ლიდერმა, მსოფლიოს 29-ე ჩოგანმა ჟილ მიულერმა საათსა და 8 წუთში 6:3, 6:2 მოუგო 17 წლის ზურა ტყემალაძეს.

ასე რომ, ლუქსემბურგი 2:0 დაწინაურდა და ერთი ქულა სჭირდება საბოლოო გამარჯვების გასაფორმებლად. კვირას, პირველ მატჩში მიულერისა და ნასტასის წყვილი მეტრეველისა და ცივაძის წყვილს შეხვდება, რის შემდეგაც, ერთეულთა ორი მატჩი იქნება: მიულერი-ცივაძე და ნასტასი-ტყემალაძე.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგში თავისი ლიდერის ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე თამაშობს. ამ მატჩში გამარჯვებული შეინარჩუნებს ადგილს ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფში, დამარცხებული კი მესამე ჯგუფში დაქვეითდება.