გიორგი ჭიაბრიშვილი - კონტრაქტის ხანგრძლივობა და დამოკიდებულება მაიმედებს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ
გიორგი ჭიაბრიშვილი - კონტრაქტის ხანგრძლივობა და დამოკიდებულება მაიმედებს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ

თბილისის „ლოკომოტივმა“ გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭიაბრიშვილი წარადგინა. მხარეები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და 3.5-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი.

მედიასთან წარდგენის შემდეგ, გიორგი ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივში“ პირველი ვარჯიში ჩაატარა.

„როდესაც „საბურთალოში“ ვმუშაობდი, „ლოკომოტივს“ ბევრჯერ ვეთამაშეთ და ცხადია, გუნდს კარგად ვიცნობთ. ვიცი კლუბის ფილოსოფია და ის, რომ გუნდი ორიენტირებულია სამომავლო შედეგებზე. აქ მუშაობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა – სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას ვისურვებდი. არის ყველანაირი საშუალება, რომ ჩემი სათამაშო ხედვები ცხოვრებაში გავატარო“, – ამბობს გიორგი ჭიაბრიშვილი.

მისი აზრით, ჩემპიონობისთვის მებრძოლ კლუბში მუშაობა დამატებითი მოტივაციაა: „ჩემი და კლუბის ხელმძღვანელთა ინტერესი აქაც გადაიკვეთა, რადგან „ლოკომოტივს“ ჩემპიონობა არ მოუგია. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის სურვილი სწორედ იქიდან წამოვიდა, რომ ამ მიზნებს მივაღწიოთ. კონტრაქტის ხანგრძლივობა და ხელმძღვანელობის დამოკიდებულება მაიმედებს, რომ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ“.