გიორგი ჭელიძე - „სამგურალი“ შეტევებში მოიკოჭლებს, გვჭირდება მოთამაშეები, რომლებიც რეალურად გაგვაძლიერებენ #1TVSPORT
წყალტუბოს „სამგურალის“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭელიძემ შეკრებაზე ტაშკენტის „ფახთაქორთან“ გამართულ (0:1) მატჩსა და მიმდინარე შეკრებაზე კომენტარი გააკეთა.
„საინტერესო შეხვედრა იყო. „ფახთაქორი“ ძლიერი გუნდია, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, გამოცდილი და ძლიერი ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. სწორედ ასეთ მეტოქეებთან დაპირისპირებისას ჩანს გუნდის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამავე დროს ასეთი მატჩები გუნდის დალაგებასა და შეთამაშებას უწყობს ხელს. „ფახთაქორთან“ მატჩმა აჩვენა, რომ ამ ეტაპზე დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ. ჩვენი მიზანია, გუნდმა შეტევაში უფრო აგრესიულად ითამაშოს და, რაც მთავარია, ბევრი გაიტანოს.
თვეა, რაც გუნდთან ერთად ვმუშაობ. მინდა, რომ ჩემი მოთხოვნა ბიჭებმა მინდორზე სწორად გადაიტანონ. ამხანაგური მატჩები ძალიან მნიშვნელოვანია. ამ დროს კარგად ჩანს ყველა ის დეტალი, რაც ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა გამოვასწოროთ და ახალ საფეხბურთო სეზონს მომზადებული შევხვდეთ.
ახლა რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით. „ფახთაქორთან“ მეორე ტაიმში სინჯებზე მყოფმა უკრაინელმა ლეგიონერმა, ოლეკსანდრ კოჟევნიკოვმა ითამაშა. ერთი თამაშიდან დასკვნების გამოტანა ძალიან რთულია. ფეხბურთელები დავალებებს მაქსიმალურად ასრულებენ და ბოლომდე იხარჯებიან. იგივე უნდა გააკეთონ ლეგიონერებმა, თუკი გუნდში ადგილის დამკვიდრების სურვილი აქვთ.
გუნდის დაკოპლექტება ისევ მიმდინარეობს, რამდენიმე პოზიციაზე გვჭირდება ფეხბურთელები, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ. არ გვინდა, ვიჩქაროთ – გვჭირდება ისეთი მოთამაშეები, რომლებიც რეალურად გაგვაძლიერებენ“, – ამბობს გიორგი ჭელიძე.
„სამგურალი“ანტალიაში მომზადებას აგრძელებს და მორიგ ამხანაგურ მატჩს 5 თებერვალს გამართავს – წყალტუბოელები უზბეკეთის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან „ყიზილყუმს“ დაუპირისპირდებიან.