გიორგი ჩაკვეტაძის მოედანზე დაბრუნებას ბელგიელები ოვაციებით შეხვდნენ
რვათვიანი პაუზის შემდეგ, გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს და „გენტს“ დაუბრუნდა. ეს ბელგიის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში მოხდა, სადაც საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ლიდერის გუნდი „ზულტე ვარეგემს“ შეხვდა.
„გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი იმედოვნებდა, რომ 20 ქართველი შემტევის განაცხადში შეყვანაზე ექიმებისგან თანხმობას მიიღებდა. შემდეგ კლუბის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ სამატჩო განაცხადი მხოლოდ გიორგი ქვილითაიას იყო, ჩაკვეტაძე კი არ გახლდათ.
თუმცა, ჩაკვეტაძე განაცხადშიც მოხვდა და მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. მთელი სტადიონი მის გვარს სკანდირებდა. 82-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ კარში დაარტყა და მიზანს სანტიმეტრებში ააცილა. 88-ე წუთზე საგოლე შეტევა წამოიწყო, თანაგუნდელი მშვენიერი გადაცემით დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ მან ბურთი ძელს მოარტყა. 90+2-ე წუთზე კი საჯარიმოში მცველი ეფექტური ილეთით ჩამოიშორა, სტუმართა ფეხბურთელმა კი ბურთი ხელით შეაჩერა, მაგრამ არბიტრის აზრით, მას წესი არ დაურღვევია და თამაში გააგრძელა. მთლიანობაში, რვათვიანი პაუზის მიუხედავად, გიორგი ჩაკვეტაძემ კარგი და დამაიმედებელი შთაბეჭდილება დატოვა.
რაც შეეხება შეხვედრას, „გენტმა“ 2:0 მოიგო. ორივე გოლი უკრაინელებმა გაიტანეს. მეორე წუთზე ანგარიში რომან ბეზუსმა გახსნა, ხოლო 28-ე წუთზე გუნდის საუკეთესო მეგოლემ და ჩემპიონატის ერთ-ერთმა ბომბარდირმა რომან იარემჩუკმა სხვაობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0 „გენტის“ სასარგებლოდ.
გიორგი ქვილითაია „გენტში“ 86-ე წუთზე გამოჩნდა. „ზულტე ვარეგემის“ შემადგენლობაში მეორე ტაიმის დასაწყისშივე შევიდა ლუკა ზარანდია.