„დაიმახსოვრეთ ეს სახელი“ - გიორგი ჩაკვეტაძის გოლს „გენტი“ გამოეხმაურა
„დაიმახსოვრეთ ეს სახელი“ - გიორგი ჩაკვეტაძის გოლს „გენტი“ გამოეხმაურა

გიორგი ჩაკვეტაძის მიერ ყაზახეთის ნაკრების კარში გატანილ გოლს ბელგიური საფეხბურთო კლუბი „გენტიც“ გამოეხმაურა, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელი 2017 წლიდან იცავს.

„დაიმახსოვრეთ ეს სახელი“ – წერია კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ  გვერდზე. შემდეგ კი იმას გვახსენებენ, რომ ახალგაზრდა ქართველმა ტურნირის ისტორიაში პირველი გოლი გაიტანა.

ამავე გვერდზე გაზიარდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოსტი იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთი სტუმრად დაამარცხა. „გენტი“ ამ გამარჯვებას კლუბში მოთამაშე ორივე გიორგის (ჩაკვეტაძე და ქვილითაია) ულოცავს.

 

ჩაკვეტაძის და საქართველოს ნაკრების გამარჯვებაზე გამოხმაურება კლუბმა „ტვიტერზე“ სახალისო პოსტით დაასრულა. წარწერით – „როდესაც ერთა ლიგის პირველი გოლი გაიტანე“ მათ ქართველი ფეხბურთელის მოკლე ვიდეო დადეს, რომელშიც ის ცეკვავს.

გიორგის გოლი უყურადღებოდ არც „გენტის“ „ფეისბუქის“ გვერდს დარჩენია. სოციალურ ქსელში კლუბმა პირველი არხის კადრები გამოიყენა და ეპიზოდი კლუბის გულშემატკივარს სრულად აჩვენა.

საგულისხმოა, რომ გიორგის გოლს ბელგიელი გულშემატკივრების მხრიდან აქტიური რეაქცია მოჰყვა. ორიოდ საათის წინ დადებულ ინფორმაციას უკვე ათასზე მეტი მოწონება აქვს.

ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში „გენტმა“ ექვსი შეხვედრა ჩაატარა, ოთხი მოიგო და 13 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. გიორგი ჩაკვეტაძე გუნდის ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობს.