გიორგი ჩაკვეტაძე - მაინც ფრთხილად ვთამაშობ, რაც ტრავმების შემდეგ ლოგიკურია #1TVSPORT
„გენტმა“ საკუთარ თავს დიდი სამსახური გაუწია, როდესაც შინ „სერკლ ბრიუგეს“ 2:1 მოუგო. შედეგად, გუნდმა სატურნირო ცხრილში მცირე წინსვლა მოახერხა და მეცამეტე ადგილი დაიკავა. თუმცა, ამბიციური „გენტისთვის“ ეს მაინც არატრადიციულ პოზიციად რჩება.
„გიორგი ჩაკვეტაძემ ზედიზედ მეორედ ითამაშა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. ქართველმა დიდი გრძნობით აღნიშნა მეორე გოლი, რომელიც მისი გადაცემით დარკო ლემაიჩმა გაიტანა და „გენტს“ გამარჯვება მოუტანა. 78 -ე წუთზე, ნახევარმცველს, რომელსაც თამაში მიჰყავდა, დასვენების საშუალება მისცეს. ეს სათამაშო წუთები უდავოდ სარგებელს მოუტანს მას ტრავმებთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის შემდეგ“, – წერს ბელგიური გამოცემა voetbalnieuws.
თუმცა „სერკლ ბრიუგეს“ მოგებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ბელგიურ გამოცემასთან არ დამალა, რომ ჯერ სრულყოფილად თავს არ გრძნობს და ტრავმის გამო სიფრთხილეს იჩენს.
„დიდი ხანია ვებრძოდი ტრავმებს და რა თქმა უნდა, ვამჩნევ, რომ ჯერ კიდევ არ ვგრძნობ თავს ასი პროცენტით მზად. 60-70 წუთის შემდეგ ფეხები მეღლება. ამიტომაც ვთხოვე მწვრთნელს შეცვლა. ხანდახან მეშინია, რომ კვლავ არ დავშავდე, რაც ლოგიკურია – ამდენი ხანი რომ არ თამაშობ, ასეთი რამ გასაკვირი არაა”, – თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში „სერკლ ბრიუგესთან“ გამარჯვების შემდეგ, სადაც ჩაკვეტაძემ საგოლე გადაცემა შეასრულა, ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა, რომელმაც ორივე გუნდში მას საუკეთესო შეფასება დაუწერა – 8,0 ქულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარა.
მომავალ შეხვედრას „გენტი“ 30 სექტემბერს კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თემურ ქეცბაიას „ანორთოსისს“ უმასპინძლებს. დიდი ალბათობით, გიორგი ჩაკვეტაძე კვლავ ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობაში იქნება.