გიორგი ჩაკვეტაძე Sofascore-მა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი ჩაკვეტაძე ორწლიანი კრიზისის შემდეგ ფორმას და აღიარებას იბრუნებს – ამაზე ბელგიის ჟუპილერ პრო ლიგის მე-9 ტურში ქართველი ფეხბურთელის შეფასება მეტყველებს.

გენტმა“ ბელგიის ჩემპიონატის მე-9 ტურში გათამაშების ერთ-ერთი აუტსაიდერი, „სერკლ ბრიუგე“ საკუთარ არენაზე 2:1 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში „გენტის“ ძირითად შემადგენლობაში მეორედ მოხვდა და 74-ე წუთზე საგოლე გადაცემა შეასრულა.

ქართველის პასით მასპინძლებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს – გიორგის საგოლე გადაცემა და ზოგადად, კარგი თამაში დაუფასა ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა, რომელმაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება დაუწერა – 8,0 ქულა.

ჩაკვეტაძე ფორმაში ნელ-ნელა შედის, რაც საქართველოს ნაკრების ოქტომბრის მატჩებამდე გულშემატკივრებს აიმედებს, რომ 20 წლის შემტევი ნახევარმცველი ეროვნულ გუნდს ისევე დაეხმარება, როგორც ერთა ლიგის პირველ გათამაშებაში, რომელიც „ჯვაროსნებმა“ სწორედ მისი კარგი თამაშის ხარჯზე მოიგეს.

გიორგი ამ უქმეებზე მეორე ქართველი მოთამაშე იყო, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ოთარ კიტეიშვილმა, რომელმაც ავსტრიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ვენაში „რაპიდთან“ გაიბრწყინა, Sofascore-მა 8,4 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა.

ამას გარდა, ნიკა კვეკვესკირი პოლონეთის ჩემპიონატის შეხვედრაში „იაგელონიასთან“ InStat–ის სტატისტიკის მიხედვით, პოზნანისლეხში“ საუკეთესო იყო. საერთაშორისო ანალიტიკური პროგრამით ქართველმა ნახევარმცველმა 267 ქულა მიიღო.