„მუხლი აღარ მტკივა. ადრინდელივით სწრაფად ვერ დავრბივარ, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ტკივილები აღარ მაწუხებს და მოედანზე დავბრუნდი“ – ამბობს ჩაკვეტაძე.
საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ 20 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის 2019 წელი მძიმე გამოდგა, რადგან ტრავმის გამო თითქმის მთელი წელი გაუცდა. ახლა ფორმის აღდგენას ცდილობს და ბელგიურ გამოცემასთან ამ პერიოდში გადატანილ სირთულეებზეც საუბრობს.
„ასეთი მძიმე ტრავმა არასდროს გადამიტანია. თავიდან არ ვიცოდი, რა უნდა მექნა. ერთი წელი უვარჯიშლობა იოლი არაა. საბედნიეროდ, თავს მარტო არ ვგრძნობდი. მნიშვნელოვანია, რომ „გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჯეს ტორუპი ჩემი მდგომარეობით მუდამ ინტერესდებოდა, მუდამ მეხმიანებოდა და, როგორც მთელი გუნდი, ისიც მამხნევებდა. სასიამოვნოა, რომ სწორედ ამ დროს გადაწყვიტა „გენტმა“ ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება. თამაში ძალიან მენატრება და იმედი მაქვს, რომ ფორმას უახლოეს მატჩებში აღვიდგენ“– ამბობს ჩაკვეტაძე.
ახლა გიორგი ჩაკვეტაძე სეზონისთვის „გენტთან“ ერთად ესპანეთში ემზადება და გერმანიის ლიგა 3-ის „ინგოლშტატთან“ საკონტროლო შეხვედრაშიც ითამაშა.