საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი უელსთან ჩატარებული საკონტროლო შეხვედრებით კმაყოფილია და თვლის, რომ კარგ თაობასთან მუშაობს.
„გუნდთან გატარებულ ყოველ დღეს ფეხბურთელებს და მთლიანად ნაკრებს წინსვლასა და უკეთესობას ვატყობდი. უხეშად რომ ვთქვათ, ბიჭები ჩემს ჭკუაზე მოდიან და სათამაშო სტილს კარგად ითვისებენ. ორი ფრე ის შედეგი არაა, რაც ჩვენ გვსურდა. მაგრამ ფეხბურთელებს მადლობა ეკუთვნით. უელსის მწვრთნელს გაუკვირდა, მეორე შეხვედრა აბსოლუტურად განსხვავებული შემადგენლობით რომ ჩავატარეთ. სულ ვამბობდი, რომ საქართველოში ფეხბურთელები იზრდებიან. ვარჯიშებზე ბიჭების დამოკიდებულებამ და მონდომებამ ძალიან გამახარა. წინ უფრო მეტი გუნდურობა და დამაჯერებლობა გვჭირდება. ამ ორ შეხვედრაში მოსაგებად სწორედ ეს ორი კომპონენტი დაგვაკლდა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხარვეზებს გამოვასწორებთ და შემოდგომაზე უფრო ძლიერი ახალგაზრდული ნაკრები გვეყოლება”, – ამბობს ცეცაძე.
3 და 6 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ბრიტანელებს თბილისში ამხანაგურად ორჯერ შეხვდა და ორივე ფრედ დაასრულა – პირველი 2:2, ხოლო მეორე 1:1.