გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის აპარატის ამოცანა იყო იმ ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც მე-18 დაწესებულებაშია, აღმოჩნდა, რომ ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე
გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის აპარატის ამოცანა იყო იმ ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც მე-18 დაწესებულებაშია, აღმოჩნდა, რომ ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწვეული იქნა ექიმთა კონსილიუმი, რათა შეფასდეს პატიმარ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობა. ამ კონსულიუმმა შაბათს საღამოს თქვა, რომ პატიმარს შიმშილობიდან გამომდინარე თუ დაუმძიმდება მდგომარეობა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მეშვეობით უნდა მოხდეს გადაყვანა ისეთ დაწესებულებაში, რომელსაც ექნება შესაბამისი საჭიროებები, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატის ამოცანა იყო იმ ტექნიკური შესაძლებლობების შესწავლა, რომელიც ხელმისაწვდომია მე-18 დაწესებულებაში.

„ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ ასეთი ტექნიკური შესაძლებლობები სრულად არ არის ადგილზე. არ არის „ემერტე“, არ არის „კატე“, არ არის აპარატი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით სამედიცინო საჭიროებიდან მომდინარეობდეს და ამ ყველაფრის გათვალისწინებით გუშინ გვქონდა შესაბამისი მოსაზრება, რომ იქ გადაყვანა არ შეესაბამება სამედიცინო კონსილიუმის მიერ დადგენილ მოთხოვნებს/ მე-18 დაწესებულება თუ გამოირიცხება და იქ არ არის შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობა, ბუნებრივია, სხვა სამოქალაქო კლინიკაში უნდა მოხდეს პატიმრის გადაყვანა. ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ პატიმრებს ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. პატიმრებს სულ აქვთ მაგალითად პრობლემა, რომ მათ თანაბრად არ ეპყრობიან. ამ და სხვა საკითხებზე ჩვენ პარლამენტს ვაწვდით ინფორმაციას. სამწუხარო რეალობაა, რომ მათ ამ პრობლემებს სათანადო პასუხი ვერ გასცეს. ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ კანონი მაქსიმალურად აღსრულდეს და თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს ყველს. პოლიტიკოსები, რომლებიც განცხადებებს აკეთებენ და ჩვენ გარკვეულ პოლიტიკურ ბრალდებებს გვიყენებენ ბუნებრივია, მიკერძოებულები არიან, თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ. ჩვენ ამაყები ვართ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ პროფესიული სტანდარტით“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილის განცხადებით, მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა საფრთხეებს შეიცავს.

„ჩვენ გუშინ ვიზიტი როდესაც განვახორციელეთ, კომუნიკაცია გვქონდა ადგილზე მე-18 დაწესებულების დირექტორის მოადგილესთან, ამ დაწესებულების მთავარ ექიმთან, მკურნალ ექიმთან და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ამ დაწესებულებაში რეანიმატოლოგი იყო დანიშნული. ჩვენი ვიზიტის შემდგომ მოხდა რეანიმატოლოგის დანიშვნა და ბუნებრივია, ჩვენ კი არ გაგვივრცელებია არასწორი ინფორმაცია, სპეკულაციურია ის, რომ როდესაც ჩვენი ვიზიტის შემდგომ მოხდა ადგილზე მივლენა კონკრეტული ექიმის. იმის შემოსაღება ხდება, თითქოს ჩვენ არასწორი ინფორმაცია გავავრცელეთ. არსებობს პატიმართა გარკვეული რაოდენობა, რომელთა ციხის ზოგად პოპულაციასთან მოთავსება არ შეიძლება. ყოფილი პოლიციელები, ყოფილი სამხედროები, ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები არიან ის პირები, რომლებსაც შეიძლება გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეთ ციხის პოპულაციასთან. ამიტომაც გვაქვ მე-12 დაწესებულება, სადაც ამ კატეგორიის პატიმრები არიან მოთავსებულნი. მე-18 დაწესებულების არქიტექტურას ვინც იცნობს, როგორ უნდა მიხვიდე ამ დაწესებულებამდე, სად არის განთავსებული და ა. შ. ყველა მარტივად დამეთანხმება, რომ ამ დაწესებულების ახლოს მდებარეობს მერვე დაწესებულება, მერვე დაწესებულების რამდენიმე ბლოკი უნდა გაიარო და იქიდან გამომდინარე, რომ მე-12 დაწესებულებაში სპეციალური კონტიგენტი არის განთავსებული ნებისმიერი პატიმრის მათ შორის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა ნომერ მეთვრამეტე დაწესებულებაში ნომერ მერვე დაწესებულების გვერდით საკმაოდ დიდ რისკებს შეიცავს უსაფრთხოების თვალსაზრისით. მე რომ ვიყო ციხის დირექტორი ნამდვილად არ მენდომებოდა, რომ ამ კატეგორიის პატიმრის მოთავსება მომხდარიყო მე-18 დაწესებულებაში, ეს შეიძლება იყოს გადაძახილები, ციხის ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლა და სხვადასხვა რამ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.